BP - ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა პანდემიამდელ დონეს 2022 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს

ნავთობისა და გაზის ბრიტანული კომპანია BP-ის მოგებამ მეორე კვარტალში 2,8 მლრდ დოლარს მიაღწია, რის შემდეგაც კომპანიამ დივიდენდები და აქციათა გამოსყიდვა გაზარდა. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, BP-ის მოგებამ მოლოდინს გადააჭარბა, მიზეზი კი ნავთობზე მოთხოვნის გაზრდა და ფასების მატებაა.

მეორე კვარტლის შედეგები კიდევ უფრო აძლიერებს გენერალური დირექტორის, ბერნარდ ლუნის გეგმას, რომ კომპანია, კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით, ნავთობიდან და გაზიდან განახლებადი და დაბალი ნახშირბადის ენერგიაზე გადავიდეს.

ვაჭრობის დასაწყისში BP-ის აქციები 2,2%-ით გაიზარდა. კომპანიამ დივიდენდები 4%-ით, 5, 46 ცენტამდე გაზარდა მაშინ, როცა გასული წლის ივლისში, პირველად 10 წლის შემდეგ, ორჯერ, 5, 25 ცენტამდე შეამცირა. BP აგრეთვე, გეგმავს, უახლოეს თვეებში 1,4 მლრდ დოლარის აქციები გამოისყიდოს მას შემდეგ, რაც 2,4 მლრდ დოლარის ზედმეტი ნაღდი ფული გამოიმუშავა წლის პირველ ნახევარში.

აპრილში BP-მ 500 მლნ დოლარის ღირებულების გამოსყიდვის გეგმა წამოიწყო, რათა დაეკომპენსირებინა თანამშრომელთა წილის განაწილების პროგრამა. კომპანიაში ელოდებიან, რომ ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნა პანდემიამდელ დონეს 2022 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს.

BP-ის სუფთა მოგება, პირველი კვარტლის 2,63 მლრდ დოლარიდან, მეორე კვარტალში 2,8 მლრდ დოლარამდე გაიზარდა მაშინ, როცა ანალიტიკოსები 2,15 მლრდ დოლარის მოგებას პროგნოზირებდნენ. ასეთი მოგებით კომპანიამ გასული წლის 6,68 მლრდ დოლარის ზარალი გადაფარა.

მოგების ზრდის მთავარი მიზეზი საწვავზე, მათ შორის, ავიასაწვავზე გაზრდილი მოთხოვნა და BP-ის ბენზინგასამართ სადგურებზე მაღალი რენტაბელურობაა. კომპანიის სუფთა ვალი 40,1 მილიარდიდან 32,7 მლრდ დოლარამდე შემცირდა. BP მომარაგების ჯაჭვში მოსალოდნელი შეზღუდვების გამო, Brent ნავთობის ფასზე პროგნოზს 2030 წლამდე ზრდის, თუმცა თავისი გრძელვადიანი ფასების პროგნოზს ამცირებს, რადგან განახლებად ენერგიაზე დაჩქარებული წესით გადასვლას ელოდება.

შედეგად, კომპანიამ დაბეგვრამდელი აქტივების ღირებულება 3 მლრდ დოლარამდე გაზარდა. BP-ის პროგნოზით, ბარელ ნავთობზე 60-დოლარიანი ფასის შემთხვევაში, 1 მლრდ დოლარის აქციების შეძენას შეძლებს, თავის დივიდენდებს კი 2025 წლამდე ყოველწლიურად 4%-მდე გაზრდის.

Brent ნავთობის ფასი ბარელზე, წინა კვარტლის 61 დოლარიდან, მეორე კვარტალში, საშუალოდ, 69 დოლარამდე გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მისი ფასი 29,56 დოლარს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ