ივანე ჩხაიძე - ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როცა ინფიცირებულების საავადმყოფოში მოთავსება პრობლემური იქნება

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვების შესაძლო დაბრუნებაზე საუბარი მას შემდეგ უნდა დაიწყოს, როდესაც ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში მოთავსება პრობლემური იქნება.

როგორც მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკვე დადგა დრო, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე ვიფიქროთ.

„ინფიცირებულა რაოდენობა უნდა ავიდეს იმ ნიშნულზე, როდესაც უკვე გართულდება პაციენტების ჰოსპიტალიზაცია. არ არის მთავარი, რამდენი ადამიანია ინფიცირებული დღის განმავლობაში, უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რამდენ ადამიანს სჭირდება სტაციონალური სამედიცინო დახმარება, რადგან შესაძლებელია ინფიცირებული ბევრი იყოს, მაგრამ მოხერხდეს მათი მართვა ბინის პირობებში, ამბულატორული, ბინაზე მეთვალყურეობის პროტოკოლი არსებობს და ძალიან კარგად იყენებენ ჩვენი კოლეგები. შესაძლებელია პაციენტების მართვა სასტუმროშიც განხორციელდეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და სერიოზულია, თუ არის ინციფიცირებულთა რაოდენობა იმდენად ბევრი, რომ მათი საავადმყოფოში მოთავსება უკვე პრობლემები იყოს. ეს არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის უკან გარკვეული შეზღუდვების დაწესება გარდაუვალი იქნება. რა ტიპის შეზღუდვები იქნება ძალიან ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, რაც პირველ რიგში უნდა გაკეთდეს, ეს არის ნიღბის ტარებაზე ძალიან მკაცრი კონტროლი დახურულ სივრცეში. ასევე, ალბათ უკვე დრო დადგა ვიფიქროთ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც ნიღბის ტარების ვალდებულების დაბრუნებაზე და რაც ყველაზე მთავარია, ეს არ უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ დეკლარირებული. ამის უკან უნდა იდგეს ძალიან მკაცრი მონიტორინგი და კონტროლი“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, ძნელი სათქმელია, რამდენად განაპირობა გარე სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნამ ინფიცირებულთა ზრდა, რადგან ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტი ცირკულირებს.

„ნიღბის ტარების ვალდებულების მკაფიო, მკაცრი და საყოველთაო არდაცვა ავტომატურად გულისხმობს, რომ ამის უკან დგას ინფიცირებულთა შემთხვევების მატება. ძნელი სათქმელია ამ მატებაში რამდენია წილი ნიღბის არტარების და რამდენია „დელტა“ ვარიანტის წილი. პირველ რიგში, ამის უკან დგას „დელტა“ ვარიანტი, რადგან მას 3-ჯერ მეტი გადამდებლობა ახასიათებს, ვიდრე ეს ჰქონდა კორონავირუსის ჩინურ ვარიანტს 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. ეს არის ერთ-ერი ყველაზე საშიში ვირუსი, რაც ბოლო ასწლეულობის განმავლობაში კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებულა“,-განაცხადა ჩხაიძემ.

მისი შეფასებით, დიდი თავშეყრა და წლეულებები მკაცრად უნდა აიკრძალოს.

„აუცილებლად მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ნიღბის ტარება დახურულ სივრცეში, აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალური სიმკაცრით აკრძალული ნებისმიერი თავშეყრა, წვეულება, დაბადების დღე, ბანკეტი თუ სხვა, არ აქვს მნიშვნელობა. სარესტორონო დახურულ სივრცეში კვების პროცესი არის ყველაზე იოლი გადაცემის გზა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის. ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში სასწრაფოდ და კატეგორიულად უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა ჩხაიძემ.