ევროკავშირში ნაყინის წარმოება 9%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 5%-ით გაიზარდა

გასულ წელს, ევროკავშირმა 2,9 მილიარდი კგ ნაყინი აწარმოა, რაც 9%-ით ნაკლებია, 2019 წლის მაჩვენებელზე. რაც შეეხება ექსპორტს, ამავე საანგარიშო პერიოდში, 5%-ით გაიზარდა. ევროპის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროპიდან მის ფარგლებს გარეთ ექსპორტირებულია 232 მილიონი კილოგრამი ნაყინი, რომელთა ღირებულება 752 მილიონ ევროს შეადგენს. ამავდროულად იმპორტი შემცირდა 4%-ით და მისმა მოცულობამ 182 მილიონი ევრო (79 მილიონ კგ) შეადგინა.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, ნაყინის ძირითადი მწარმოებელი იყო გერმანია, სადაც 2020 წელს 642 მილიონი კგ ნაყინი აწარმოეს. მას მოსდევს საფრანგეთი 516 მილიონი კგ-თი და იტალია 509 მილიონი კგ-ით. მათ შორის, ყველაზე იაფ პროდუქტს აწარმოებდნენ გერმანიაში, სადაც ლიტრი ნაყინის ფასი 1,3 ევრო იყო, ხოლო ყველაზე ძვირს - საფრანგეთში, სადაც კგ-ს ფასმა 2,2 ევრო შეადგინა. იტალიაში კი საშუალოდ, ერთი კილოგრამი პროდუქტის ფასმა 2 ევრო შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტიორებს, ევროკავშირის ქვეყნებს შორის არის საფრანგეთი, რომელმაც 59 მილიონი კგ ნაყინი გაიტანა ექსპორტზე, რაც მთლიანი ექსპორტის 25%-ია. მას მოსდევს ნიდერლანდები, გერმანია (29 მლნ კგ ან 13%), იტალია (20 მლნ კგ ან 9%), და ბელგია (16 მლნ კგ, ან 7%).

კოკა კვირკველია