რა შეზღუდვების დაწესებას ითხოვს ბიძინა კულუმბეგოვი - „სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ“

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი„ფეისბუქის“ პირად გვერდზე გარკვეული შეზღუდვების სასწრაფოდ დაწესების აუცილებლობაზე საუბრობს.

მის პოსტს უვლელად გთავაზობთ:

„სამედიცინო პირბადე ყველგან, KN95 პირბადე რისკის დაავადების პირებისთვის, ღამის გადაადგილების აკრძალვა, რესტორნები მხოლოდ ღია სივრცეში, 5 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა, მასიური ტესტირების და ვაქცინაციის ცენტრები...

შეზღუდვები უსწრაფესად ასამოქმედებელია, თორემ მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ, მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება.

და ამ დროს 3000 "ცრუ" ჯავშანი ვაქცინებზე. სრული საბოტაჟია ქვეყნის წინაშე და ვერ ვაცნობიერებთ,“-წერს კულუმბეგოვი.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საბჭოს მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციით მიმართა. წარდგენილ რეგულაციებში იყო ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა და რესტორნებში მხოლოდ აცრილების დამინიმუმ გატესტილების შეშვება. თუმცა, მისივე თქმით, საბჭო გადაწყვეტილებას კონსესუსის სახით იღებს. საბჭოს დღეს შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 ადამიანი.

თაია არდოტელი