გერმანული ლოგისტიკური ჯგუფის, Deutsche Post-ის განყოფილება DHL Express-მა გადაწყვიტა, მსოფლიოში სატვირთო ელექტრო ავიაციის პირველი ქსელი შექმნას. ამ მიზნით, კომპანიამ სტარტაპ Eviation-ს 12 სატვირთო ელექტრო თვითმფრინავი შეუკვეთა, რომლის ექსპლუატაციასაც 2024 წლიდან გეგმავს. DHL Express-ის განცხადებას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ DHL Express მსოფლიოში პირველი კომპანიაა, რომელმაც Eviation-ს ელექტრო თვითმფრინავი Alice შეუკვეთა, რითიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მდგრადი ავიაციის განვითარებისკენ.
„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ მომავალი ნულოვანი გამონაბოლქვის ლოგისტიკისაა. ჩვენ ერთობლივად შევაბიჯებთ მდგრადი ავიაციის ახალ ათწლეულში“, - აცხადებს DHL Express-ის გენერალური დირექტორი, ჯონ პირსონი. მისი თქმით, Eviation თავის ელექტრო თვითმფრინავს წლის ბოლოსთვის დატესტავს, ხოლო DHL Express-ს შეკვეთილ 12 სატვირთოს 2024 წლისთვის მიაწვდის.
„Alice-ის სამართვად ერთი პილოტია საჭირო და 1200 კგ (2600 ფუნტი) ტვირთის გადაზიდვა შეუძლია. ერთსაათიანი ფრენისთვის დასამუხტი დრო, დაახლოებით, 30 წუთია, ხოლო ფრენის მაქსიმალური მანძილი 815 კმ-ს (440 საზღვაო მილს) შეადგენს“, - ნათქვამია DHL Express-ის განცხადებაში.
Eviation სინგაპურის Clermont Group-ის სტარტაპია და მცირე ზომის ელექტრო თვითმფრინავების შექმნაზეა სპეციალიზირებული. კომპანიის მიზანია, მისმა თვითმფრინავებმა ცოტა ენერგია გამოიყენონ და ნაკლები საექსპლუატაციო ხარჯებით გამოირჩეოდნენ, მუშაობდნენ უხმაუროდ და რაც მთავარია, ნულოვანი გამონაბოლქვით.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ