რუსი ფერმერები ვაშლის იმპორტის კვოტირებას მოითხოვენ

რუსი მებაღეების დარგობრივი გაერთიანებები ფედერაციის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, რომ მთავრობამ ვაშლის მასობრივი კრეფა-რეალიზაციის პერიოდში, ანუ სექტემბრიდან აპრილამდე, ამ ხილის იმპორტზე კვოტები დააწესოს. პრემიერისადმი მიწერილ წერილში ნათქვამია, რომ სამეწარმეო ხარჯების ზრდისა და იმპორტის დიდი მოცულობის ფონზე, ბევრი მებაღე შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდეს და ე.წ. ვაშლის იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა შეწყდეს.

როგორც მებაღეთა გაერთიანებები აღნიშნავენ, მიმდინარე წელს სასუქების, მცენარეთა დაცვის პროდუქტების, კონტეინერების, საწვავის და საპოხი მასალების ფასების ზრდის გამო, ვაშლის წარმოების თვითღირებულება, საშუალოდ, 50%-ით გაიზარდა, პარალელურად კი რუსეთის შიდა ბაზარზე დიდი რაოდენობით იაფი უცხოური ვაშლი შევიდა, რამაც საბითუმო ფასების შემცირება გამოიწვია. ამრიგად, ზაფხულის ვაშლის გასაყიდი ფასი წლიდან წლამდე ორჯერ შემცირდა.

მებაღეების შეფასებით, რუსეთში ყოველწლიურად 1,2 მილიონ ტონამდე ვაშლი მოჰყავთ, იმპორტირებული კი, დაახლოებით, 1 მილიონი ტონაა. ისინი მოხმარების დონიდან ვაშლის იმპორტის 40%-ით შემცირებას მოითხოვენ.

მიმართვას ხელს აწერენ რუსეთის მებაღეთა კავშირი, ხილისა და ბოსტნეულის კავშირი, მეურნეობები - „ბრიანსკი სად“, „აგრონომ-სად“, აგროჰოლდინგი „სტეპი“, ყუბანელ მებაღეთა კავშირი და სხვ.

2019 წლის მარტში, ფედერაციის საბჭოს აგრარულ-სასურსათო პოლიტიკისა და გარემოს მართვის კომიტეტმა მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს დაავალა, „უცხოელი მწარმოებლების უსამართლო კონკურენციისგან ხილისა და კენკრის ბაზრის დასაცავად“ ზომები მიიღოს. კერძოდ, შიდა წარმოების პროდუქტების მასობრივი მიწოდების პერიოდში (სექტემბერ-მარტში) რეკომენდირებულია ბაზარზე რუსული და იმპორტირებული ვაშლის თანაფარდობის 60/40%-ით დადგენა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ