ნიუ-იორკში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში სავალდებულო ხდება

ნიუ-იორკში კორონავირუსზე ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სხვადასხვა სივრცეებში როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის სავალდებულო ხდება.

ახალი რეგულაციების შესახებ ქალაქის მერმა ბილ დე ბლაზიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მედიის ცნობით, ნიუ იორკი აშშ-ში პირველი ქალაქი ხდება, სადაც აცრის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა სავალდებულო იქნება დახურულ სივრცეში რესტორნებში, სპორტდარბაზებში, გასართობ ცენტრებსა და სხვა დაწესებულებებში სტუმრობისას.

განკარგულება 16 აგვისტოს შევა ძალაში და 13 სექტემბრისთვის სრულად ამოქმედდება.

ქალაქის მერის თქმით, ეს ვალდებულება წაახალისებს იმუნიზაციას და ხელს შეუშლის „დელტა“ ვარიანტის გავრცელებას.

ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს Key to NYC Pass-ი ეწოდება. ის იქნება ბარათის სახით, ან ვაქცინაციის მოწმობის ატვირთვა მოქალაქეებს სპეციალურ აპლიკაციაზე შეეძლებათ.