ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს მთავრობამ ჯამში 610,775 მლნ ლარის შიდა ვალი აიღო. მთავრობა შიდა ვალს ორი საშუალებით იღებს, უფრო კონკრეტულად, სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვებით.
2021 წელს ხელისუფლებამ სახაზინო ობლიგაციების სახით 445,775 მლნ ლარის სესხი აიღო, ხოლო სახაზინო ვალდებულებების სახით 165 მლნ ლარი.
ცნობისთვის, სახაზინო ვალდებულება არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. სახაზინო ვალდებულების გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და იფარება ნომინალური ღირებულებით.
რაც შეეხება სახაზინო ობლიგაციებს, იგი არის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოშვებული საშუალოვადიანი კუპონური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი. ამჟამად, სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ხდება 1-დან 10 წლამდე დაფარვის ვადით, კუპონის 6 თვეში ერთხელ გადახდით.
როგორც წესი, სამთავრობო ფასიანი ქაღალდები ხასიათდება მინიმალური რისკიანობითა და მაღალი ლიკვიდურობით.