სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ზოგიერთი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ბაზრის არსებული და მომავალი მონაწილეებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ეხმაურება და ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს.

როგორც სემეკ-ის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულტიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ, ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის. მათი განმარტებით, გარკვეულ შემთხვევებში, ის არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

„საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმისა და მოსალოდნელი სტრუქტურული ცვლილებების შესაბამისად, საკონსულტაციო კომპანიების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია. თუმცა, საკონსულტაციო პროცესი უნდა წარიმართოს კვალიფიციური პირების მიერ, რათა არ მოხდეს მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა.

გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე რეფორმის შესახებ ბაზრის არსებულმა და მომავალმა მონაწილეებმა პირველ რიგში ინფორმაცია მიიღონ სემეკისგან, ელექტროენერგიისა და სისტემის ოპერატორებისგან (საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა).

უზუსტობების თავიდან ასაცილებლად, სემეკი მზადაა ნებისმიერ დროს შეხვდეს ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს და გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია მათთვის საჭირო და საინტერესო საკითხებზე.

აღნიშნული არ ეხება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებსა და მცირე საწარმოებს.

კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სემეკს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას“, - აღნიშნულია სემეკ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.