„არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“

„არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ჩანს, ბოლოს დროს, ქვეყანაში მომხდარი ფაქტების, კერძოდ, პოლონელი ტურისტის დაჭრისა და კიდევ უფრო მძიმე შემთხვევის, ავსტრიის მოქალაქის მკვლელობის შემდეგ, ტურისტები სასტუმროს ერთი კვირით ადრეც კი აღარ ჯავშნიან. როგორც მაია სიდამონიძე ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, ნომრების დაჯავშნა მხოლოდ 1-2 დღით ადრე ხდება, თუმცა, ესეც არ არის გარანტირებული.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, ქვეყანაში არსებული კოვიდ-ვითარება და ინფიცირების მაღალი მაჩვენებელიც ემატება. ეპიდემიოლოგები უკვე შეზღუდვების ახლიდან ამოქმედებაზეც კი საუბრობენ.

„უსაფრთხოება არის ერთ-ერთი წინაპირობა, რომ ადამიანმა იმოგზაუროს, რაც დღეს, ჩვენს ქვეყანაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზია ეპიდ-სიტუაცია, კრიმინოგენული ვითარება და ა.შ. თუ ეს ერთეული შემთხვევების დონეზე აღიკვეთა და დამნაშავეები დაისჯებიან, ამას ქვეყნისთვის მოკლევადიანი ზარალი ექნება. თუმცა, თუ გაგრძელდა და დაუსჯელობის სინდრომიც თანმიმდევრული იქნება, ამას უფრო გრძელვადიანი ნეგატიური ეფექტი ექნება ტურიზმის ინდუსტრიაზე.

არის ჯავშნების გაუქმების შემთხვევები და ძალიან ბევრი წერილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვერ ვიტყვი, რომ ახალი ჯავშნების ნაკადი არ არის, უბრალოდ, ერთი კვირით და ერთი თვით ადრე აღარავინ ჯავშნის. ეს ხდება 1-2 დღით ადრე, მაგრამ ესეც არ არის გარანტირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მსგავსი პრეცენდენტის დროს, ეს ჯავშნები გაუქმდება.

ზოგადად კი, ეს სეზონი ისედაც არასტაბილური იყო, პირველ რიგში, ეპიდ-სიტუაციის გამო, მეორე მხრივ, შეზღუდვების და მესამე, კონკრეტული, მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში შემოდიოდა ჯავშნები და შემდეგ უქმდებოდა. ამიტომ, საკმაოდ მძიმე ტურისტული სეზონი იყო. ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით უფრო ცუდი იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ნაკადი დაფიქსირდა და ბიზნესმა ასე თუ ისე, ამოისუნთქა. იმდენად მაინც, რომ თუნდაც საბანკო და საგადასახადო ვალდებულებები გაესტუმრებინა. აქ მოგებაზე საუბარიც კი არ არის. თუმცა, ჩვენ კვლავ ვერ გავითვალისწინეთ შარშანდელი შეცდომა და წელს განმეორდა იგივე, რაც გულისხმობს რეგულაციების არკონტროლს, ვაქცინაციის დაბალ დონეს და ა.შ. ამიტომ, რეალურად აღმოვჩნდით იმ ფაქტის წინაშე, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში უკვე მეოთხე ტალღასთან გვექნება საქმე, რაც სეზონზე თავისთავად ძალიან ნეგატიურად აისახება“,- განაცხადა მაია სიდამონიძემ.

რაც შეეხება გამოსავალს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს - „სწრაფი გამოსავალი არის, ერთის მხრივ, ეპიდ-სიტუაციის გამოსწორება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაქცინაცია უფრო სწრაფი ტემპით უნდა გაგრძელდეს. ამასთან, რეგულაციები უმკაცრესად უნდა შესრულდეს. მეორეს მხრივ, ძალიან აქტიური მუშაობაა საჭირო საელჩოებთან, რომლებმაც გაფრთხილებები გაამკაცრეს. უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო კვლავ შეიძლება იყოს უსაფრთხო მათი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამის დასამტკიცებლად, მსგავსი პრეცენდენტები აღარ უნდა მოხდეს. ეს კი, თავისთავად გულისხმობს ძალიან სწრაფ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას და ნულოვან ტოლერანტობას მსგავსი დანაშაულების მიმართ“,- განაცხადა მაია სიდამონიძემ.

ნინი ქეთელაური