ესპანეთის მთავრობა ბარსელონას აეროპორტის გაფართოებას გეგმავს

ესპანეთისა და კატალონიის მთავრობები შეთანხმდნენ ბარსელონას აეროპორტის გაფართოების საკამათო გეგმაზე, რომელიც მგზავრთა რაოდენობას წელიწადში 55 მილიონიდან 70 მილიონამდე გაზრდის. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

1.7 მლრდ ევროს პროექტს, რომელიც დაფინანსებულია ესპანეთის აეროპორტების ადმინისტრაციის მიერ, ბარსელონას საკრებულო თავიდან მხარს არ უჭერდა. საკრებულომ პროექტს „წარსულში ჩარჩენილი სექტორების ბაკქანალია" უწოდა.

პროექტი ევროკომისიამ უნდა დაამტკიცოს. თუმცა მან, ასევე, დაგმო გაფართოების წინასწარი სამუშაოები, რომელიც მდინარე ლობრეგატის დელტას დაცული ტერიტორიების ჭაობებზე ჩატარდა. ლობრეგატის დელტას დიდი ნაწილი ევროკავშირის Nature Network 2000-ის სქემით არის დაცული.

გარიგების გამოცხადების დროს, ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრ რაკელ სანჩესმა განაცხადა, რომ აეროპორტის გაფართოება „გარემოს მაქსიმალური პატივისცემით" მოხდება, რაც ხელს შეუწყობს „მდგრად და ხარისხიან ტურიზმს.“ სამუშაოები სავარაუდოდ, 2030 წლისთვის დასრულდება. ამასთან, ბარსელონას ხელისუფლებას სურს, რომ ყველა მგზავრობა, რომელსაც 2.5 საათზე ნაკლები დრო სჭირდება, მატარებლით განხორციელდეს.

კომპანია Aena-ს აეროპორტების დაგეგმარების ხელმძღვანელის, ელენა მეიორალის განცხადებით, საჰაერო მგზავრობის საერთაშორისო ორგანიზაციები პროგნოზირებენ, რომ „ტრაფიკი პანდემიამდელ დონეს 2025-2026 წლებში მიაღწევს და სწორედ ამ წლებში დაიწყება ბარსელონას აეროპორტის გაფართოების სამუშაოებიც."

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გარემოზე ზემოქმედების ხარჯზე ბარსელონას აეროპორტის გაფართოება ზედმეტი პროექტია, რადგან კატალონიას ისედაც აქვს სამი გამოუყენებელი აეროპორტი ჟირონაში, რეუსსა და ლეიდაში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ