2015 წლის აპრილში გაირკვევა, როგორი იქნება საქართველოს განვითარების ბანკი

”ასეთი ტიპის ბანკმა შესაძლოა საინვესტიციო გარემოში გადატრიალება მოახდინოს”

ცოტა ხანში ქვეყანაში საქართველოს განვითარების ბანკი შეიქმნება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე არაერთგზის იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში, სადაც ადგილობრივი განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ჩჟაო სიაოიუს შეხვდა და საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნებასთან დაკავშირებით მოწოდებული რეკომენდაციები მიიღო.

თავის მხრივ, ჩინურმა მხარემ საქართველოს ეკონომიკისთვის განვითარების ბანკის შექმნის განსაკუთრებულ მნიშვნველობას ხაზი გაუსვა და მზადყოფნა გამოთქვა აღნიშნული ბანკის ჩამოყალიბებაში ჩაერთოს და საქართველოს თანამშრომლების მომზადებაში, სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ფინანსურ საკითხებში დახმარება გაუწიოს. სახელმწიფო ბანკის მუშაობის პრინციპებზე, ფუნქციასა და საეროდ, მისი შექმნის აუცილებლობაზე, სამუშაო ჯგუფის წევრი დავით საგანელიძე გვესაუბრა.

დავით საგანელიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:

-  პეკინში, ადგილობრივი მმართველი პარტიის მიწვევით ვიყავით. ამ პარტიასთან არსებობს ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ცენტრი, რომლის შესახებაც ჩვენ საუბარი გვქონდა დაახლოებით ორი თვის წინ, როდესაც საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია. მაშინ ჩინეთის მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არსებობს დეპარტამენტი, რომელიც კოორდინაციას უწევს ჩინეთის სტრატეგიას ქვეყნის გარეთ ინვესტიციების გატანასა და განსაზღვრას... ერთი სიტყვით, ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ძალიან საინტერესო იდეები შემოგვთავაზა.

- თავდაპირველად ვისი იდეა იყო საქართველოს განვითარების ბანკის შექმნა და რატომ გახდა აუცილებელი ამ ორგანიზაციის შექმნა?

- აუცილებლობის რა მოგახსენოთ, ეს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, რაც შეეხება მისი შექმნის იდეას, - შარშან, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, მან განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო ბანკი, რადგან განვითარებად ქვეყნებს ასეთი ორგანიზაცია ჰაერივით სჭირდებაო. მაშინ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული საქმეები დამევალა...…ამ საკითხზე საუბარი ჩინეთთან, ჯერ კიდევ გასულ გაზაფხულს დავიწყეთ, რა დროსაც ჩინეთის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობამ გაოცება გამოხატა, რომ საქართველოში აქამდე არ გვქონდა ასეთი ბანკი. ცნობისთვის, მსოფლიოში დაახლოებით 250 ასეთი ტიპის ბანკი არსებობს, მათ შორის, ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში (KFW რომელიც 1947 წელს შეიქმნა და რომელიც მას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარა), ასევე ახლო აღმოსავლეთში, ჩეხეთში, სლოვაკეთში, პოლონეთში; აგრეთვე, უკრაინაში, თურქეთში, რუსეთში, საბერძნეთში... ჩინეთის ბანკი, ჩემ მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების ბანკებს შორის ერთ-ერთ უმსხვილესია. მხოლოდ მისი საგარეო აქტივები 1 ტრილიონ 400 მილიარდი დოლარია. გასულ წელს კი მისი სუფთა მოგება 11 მილიარდ დოლარს შეადგენდა... ჩვენი სიტყვიერი შეთანხმების შემდეგ, ჩინეთის ბანკმა თურქეთის ფილიალიდან გამოყო ამიერკავკასიის რეგიონი, რომელშიც სამი ქვეყანა: აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო არიან გაწევრებული და წარმომადგენლობა თბილისში გახსნა. საქართველოსთვის ამ ბანკმა პირობითად 500 მილიონი დოლარი გამოყო და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი ტრანში - თუ საქართველოში ანალოგიურ ბანკს შექმნით და რომელიმე პროექტს 10 მილიონით დააფინანსებთ, მზად ვართ იმავე პროექტში ბევრად დიდი თანხებით შემოვიდეთო.

- ჩინეთი რატომ არის დაინტერესებული საქართველოში ასეთი ბანკის შექმნით?

- როგორც გითხარით, ჩინეთის სახელმწიფო განვითარების ბანკი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურია. ამასთან, ცოტა ხნის წინ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი, გამოვიდა ინიციატივით, შექმნას აბრეშუმის გზის ახალი მარშრუტი, ”აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელი”- რომელშიც, საბენდიეროდ, საქართველოც მოხვდა და ამ რესურსის არგამოყენება შეცდომა იქნებოდა. ამჟამად, ჩინეთის განვითარების ბანკი ამუშავებს პროექტს საქართველოში ჩქაროსნული ელექტრომატარებლებისა და ვაგონების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, ისინი თავის გამოცდილებას გვიზიარებენ: როგორი უნდა იყოს სტრუქტურა, დარგების შესწავლა და მენეჯმენტი როგორ უნდა ხდებოდეს, კადრები როგორ უნდა მომზადდეს და ა.შ. ჩინეთის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჩჟაო სიაოიუსმა განაცხადა, რომ საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის შემთხვევაში, სურვილი აქვს უწყების საკონსულტაციო საბჭოს წევრი გახდეს. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ საკითხზე პირველი შეხვედრა გასული წლის გაზაფხულზე გაიმართა, გარკვეული წინააღმდეგობები იყო, მაგრამ ჩვენ მუშაობა არ შეგვიწყვეტია.

- ვისგან იყო წინააღმდეგობები?

- წინააღმდეგობა არსებობდა კომერციული ბანკებისგან, რადგან შიშობდნენ, ხომ არ შეიქმნებოდა ისეთი ბანკი, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევდა. რეალურად კი პირიქით - ასეთი ბანკი მათ აძლიერებს და კრედიტუნარიან ბანკებად აქცევს. წინააღმდეგობები იყო ასევე საპარტნიორო ფონდის მხრიდან, რადგან ეს ბანკი მის ბაზაზე უნდა შეიქმნას.

- ეს ნიშნავს, რომ საპარტნიორო ფონდი გაუქმდება?

- მოდით, ნუ ვიტყვით, რომ უქმდება, პირიქით, ის თავის ფუნქციებსა და უფლებებში იზრდება.

- საქართველოს განვითარების ბანკის ფუნქცია რა იქნება, რა როლი ექნება მას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში?

- ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ამ ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ასეთი ტიპის ბანკმა შესაძლოა საინვესტიციო გარემოში გადატრიალება მოახდინოს. ეს ბანკი დააფინანსებს იმ სფეროებსა და მიმართულებებს, რომელსაც კომერციული ბანკები რამდენიმე მიზეზის გამო არ აფინანსებენ, მათ შორის ”სტარტაპებს”.

- მაშ რის საფუძველზე აცხადებენ კომერციული ბანკები,- კარგი ბიზნესპროქტების დეფიციტია, თორემ დაფინანსების პრობლემა არ არისო?

- მაჩვენეთ რომელიმე კომერციული ბანკი, რომელიც დამწყებ ბიზნესს აფინანსებს და უკან დავიხევ! ეს კერძო ბანკების მიმართ პრეტენზიად არ ჩამითვალოთ. მესმის მათი, კომერციული სტრუქტურაა და რისკებსა და მომგებას ითვალისწინებს. ამიტომ, თუ ამა თუ იმ პროექტისგან მაღალ მოგებას არ ელის, თავის შეკავებას ამჯობინებს. თუმცა, არსებობს სფეროები, რომლის მოგება შესაძლოა მინიმალური იყოს, ან სულაც არ ტოვებდეს მოგებას, მაგრამ ქვეყნისთვის მისი განვითარება მნიშნველოვანია, რადგან სოციალური თემებთან დაკავშირებული პროექტია. ამიტომ, მოგების მიუხედავად, სახელმწიფო მაინც დაინტერესებულია ისეთი პროექტების დაფინანსებით, რომელიც ამა თუ იმ დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, დაასაქმებს ადამიანებს, ინფრასტრუქტურას შექმნას. ერთ მაგალითს გეტყვით. საქართველო ერთადერთი ზღვისპირა ქვეყანაა, რომელსაც თევზჭერის ბიზნესი არ აქვს. მთელი კვოტა თურქულ კომპანიებს მიაქვთ: ისინი იჭერენ, ამუშავებენ, შემდეგ კი ჩვენ მათგან ვყიდულობთ. ამ ბინზესს კომერციული ბანკები არ აფინანსებენ, რადგან სტარტაპია, მოგების მაღალი მარჟები არ აქვთ, რისკიანი პროექტია და ამიტომ ურჩევნიათ ყიდვა-გაყიდვა, ექსპორტ-იმპორტი და სამშენებლო დეველოპერული პროექტები დააფინანსონ. ვერც გაამტყუნებ... არადა, თევზჭერის ფლოტის განვითარება რეგიონებისთვის მისწრება იქნება, დაასაქმებს მოსახლეობას. იგივე შეიძლება ითქვას ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

- რაც შეეხება ბანკის მუშაობისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს, ანუ საწყის კაპიტალს...

-  ეს იქნება 100%-ით სახელმწიფო ბანკი, რომელშიც სასურველია თანადამფუძნებელი ან თანაინვესტორი იყოს უცხოური ბანკი. ამ საკითხზე საუბარი ბევრ ქვეყანასთან გვქონდა. ერთი-ერთი მათგანი ჩინეთია, ასევე KFW, რომლის წარმომადგენლობა თბილისშია. თუ გადავხედავთ, რა გადის საქართველოდან ექსპორტზე და რა შემოდის იმპორტით - სტატისტიკის თანახმად, პირველ ადგილზეა, ავტომობილები, რომლის რეექსპორტსაც საქართველო ახორციელებს, მეორეზე - წიაღისეული, მესამეზე - მინერალური წყლები და შემდეგ მოდის ღვინო. თუმცა, თუ ღინოს არ ჩავთვლით, ამ ჩამონათვალიდან არც ერთის წარმოება არ ხდება, ანუ დამატებითი ღირებულება არ იქმნება და არც მუშახელია დასაქმებული. სახელმწიფო ბანკმა სწორედ ადგილობრივი რესურსი უნდა აითვისოს და მისი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენების საკითხი უნდა წამოწიოს წინ. ისეთი სფეროები უნდა ვიპოვოთ, რომელსაც კერძო ბიზნესი არ აფინანსებს.

-  საქართველოს განვითარების ბანკის კლიენტები ფიზიკური პირები არ იქნებიან?

- ბანკის კლიენტები მხოლოდ იურიდული პირები და კომპანიები იქნებიან და მათთვის აკრედიტაციის გაცემა, მონიტირონგი და მომსახურება მხოლოდ კომერციული ბანკების საშუალებით მოხდება. ანუ, დამუშავდება პროექტები, გამოიყოფა თანხა, კრედიტის ამღებისგან დადგინდება საპროცენტო განაკვეთი, მომსახურება, გაცემა და განაწილება, კომერციული ბანკის საშუალებით მოხდება, რაშიც ბანკი თავის მცირე მოგებასაც ჩადებს. საუბარია ინოვაციიურ პროექტებზე, რომელსაც ახლა არც ერთი ბანკი არ აფინანსებს.

- რატომ მაინცდამაინც ჩინეთის მაგალითი, მაშინ როდესაც თავად ბრძანეთ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც არსებობს ბანკები და ეს ქვეყნები თავის ისტორიული წარსულით ახლოს არიან საქართველოსთან?…

- ჩინეთი დღეს არის ის ქვეყანა, რომელსაც უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს და ასევე დიდი სამრეწველო ეკონომიკის მფლობელია. მაგრამ, რაც შეეხება, სახელმწიფოს ბანკის სტრუქტურას, ეს არ იქნება ჩინურის ანალოგი. 2015 წლის აპრილში, სამუშაო ჯგუფი უკვე დადებს თავის შეთავაზებასა და ვერსიებს, თუ როგორ უნდა იყოს ეს ბანკი. საბენდიეროდ, რეკომენდაციებს გვაძლევს KFW, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი.

- როგორც აღნიშნეთ, ბანკის შექმნის სამუშაო ჯგუფში ხართ, რამდენად შესაძლოა, რომ მისი ხელმძღვანელი გახდეთ?

- ახლა ამაზე არ ვფიქრობ, მთავარია, ბანკი შეიქმნას. თუმცა მიმაჩნია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კარგი სპეციალისტია.

ლალი პაპასკირი