Hugo Boss-ის გაყიდვებზე ჩინელი ცნობილი სახეების ბოიკოტმა არ იმოქმედა

გერმანული მოდის სახლი Hugo Boss ბიზნესის აღდგენის პერსპექტივებს წლის მეორე ნახევარშიც ოპტიმისტურად უყურებს. კომპანიის მონაცემებით, მეორე კვარტალში დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში გაყიდვებმა პანდემიამდელ დონეს მიაღწია.

„ჩვენ წლის მეორე ნახევარში ბიზნესის აღდგენის შემდგომი პროცესისთვის კარგად ვართ მომზადებული“, - აცხადებს Hugo Boss-ის გენერალური დირექტორი დანიელ გრიდერი.

გრინვიჩის დროით 07:38 საათისთვის, კომპანიის აქციები 1,2%-ით გაიზარდა. კომპანიას, რომელიც მამაკაცის მომხიბვლელი კოსტიუმებით არის ცნობილი, ძირითადი ბრენდის - Boss-ის გაყიდვები სავალუტო კურსის ცვალებადობის შესაბამისად 5%-ით შეუმცირდა, ხოლო ბრენდმა Hugo-მ, რომელიც უფრო ახალგაზრდა აუდიტორიაზეა ორიენტირებული, პირიქით, გაყიდვები 2%-ით გაზარდა. კომპანიაში, ასევე, აცხადებენ, რომ საქმიან და სადღესასწაულო მოდაზე საზოგადოებაში დაგროვილი მოთხოვნების გამო, გაყიდვებმა ე.წ. ოფიციალურ ტანსაცმელზეც მოიმატა.

2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, წელს Hugo Boss-ის გაყიდვები დიდ ბრიტანეთში 7%-ით, ჩინეთში კი 33%-ით გაიზარდა. როგორც ცნობილია, მარტის ბოლოს ტანსაცმლის დასავლურმა ბრენდებმა სინცზიანის პროვინციაში, ბამბის პლანტაციებზე ადამიანების იძულებითი სამუშაოების გამო, ჩინეთს ბოიკოტი გამოუცხადეს და თავის მხრივ, ჩინეთის ცნობილი სახეებიც ბოიკოტირებდნენ დასავლეთის ბრენდებს, მათ შორის Hugo Boss-აც. თუმცა ამან კომპანიის გაყიდვების ზრდას ხელი არ შეუშალა.

რაც შეეხება ევროპის ბაზარს, კომპანიის გაყიდვები 2019 წლის დონეს მხოლოდ 4%-ით, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში კი 5%-ით ჩამორჩება. ეს მაშინ, როცა მეორე კვარტალში Hugo Boss-ის მაღაზიათა გლობალური ქსელის 20% კვლავ დახურული იყო.

კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე ფინანსურ წელს გაყიდვებს 30-35%-ით გაზრდიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ