Made in China მსოფლიო ბაზარზე იაფი საქონლის საფირმო მარკას კარგავს

Made in China ანუ ჩინური პროდუქცია, რომელიც მსოფლიო ბაზარზე დაბალი ფასების გამო ყოველთვის უპირატესობით გამოირჩეოდა, პანდემიის შემდეგ მომარაგების პრობლემებს აწყდება. საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია Hisense-ის საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი, ფანგ სუეუი აცხადებს, რომ საზღვაო კონტეინერების დეფიციტისა და ტარიფების გაძვირების გამო, მსოფლიო ბაზარზე ბევრი პროდუქციის გატანას ვეღარ ახერხებს.

საზღვაო კონტეინერების ფასი ხუთჯერ გაიზარდა და თითოზე 3000 დოლარიდან 15 000 დოლარს მიაღწია. ამასთან, გემებს კვირაზე მეტი დრო სჭირდებათ, რათა ჩინეთიდან ევროპამდე მიაღწიონ. ეს მაშინ, როცა Made in China-ს პროდუქციაზე უცხოეთის მოთხოვნილება ისევ მაღალია. ჩინეთის საბაჟო სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირში ექსპორტი წლის პირველ ნახევარში, შარშანდელთან შედარებით, 35,9%-ით გაიზარდა და 233 მლრდ დოლარს მიაღწია, ხოლო აშშ-ში ექსპორტი 42,6%-ით, 252, 86 დოლარამდე გაიზარდა.

კომპანია Hisense უცხოეთში გაფართოებას ცდილობს. გასულ პანდემიურ წელს მან საერთაშორისო ბაზრებზე 7,93 მლრდ დოლარი გამოიმუშავა. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2025 წლისთვის, მთლიანი შემოსავლის 23,5 მლრდ დოლარის ოდენობით, უცხოური ბაზრის წილის გასამმაგებას აპირებენ.

საერთაშორისო დონის 3400 ჩინურ კომპანიაზე მომუშავე საკონსულტაციო ფირმა Bain-ის პარტნიორი, ჯეიმს რუთი აცხადებს, რომ მათი კლიენტებიდან მხოლოდ 200 კომპანიას აქვს 1 მლრდ დოლარზე მეტი გაყიდვები უცხოეთში.

„საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი სამი ჩინური კომპანია, Lenovos, Haiers და Huaweis უფრო გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე იმ ავანგარდისტებად, რომლებიც როგორც წესი, სხვა ჩინური ტრანსნაციონალური კორპორაციისთვის გზას უნდა კაფავდნენ. ეს სამი კომპანია საერთაშორისო ბიზნესისთვის, უმრავლეს შემთხვევაში, საექსპორტო მოდელს მიმართავს, ანუ ჩინური ტრანსნაციონალური კორპორაციები თავიდან იწყებენ იმის აღმოჩენას, რაც მათთვის დიდი ხანია ცნობილია“, - აცხადებს ჯეიმს რუთი CNBC-სთან ინტერვიუს დროს.

Made in China-ს პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე კიდევ ერთ ახალ ბარიერს აწყდება. ეს ევროკავშირის ახალი საგადასახადო პოლიტიკით დაწესებული მაღალი გადასახადებია, რომელიც ჩინეთიდან ექსპორტირებულ საქონელს ეხება.

„ლოგისტიკის პრობლემების გამო, ჩინური კომპანიები საერთაშორისო ბაზრებზე ლოკალიზაციას განაგრძობენ. მაგალითად, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანიები ევროპელი მყიდველების სიახლოვეს სასაწყობე შენობებს ქირაობენ ან აშენებენ. იქ კომპანიებს წინასწარ შეაქვთ პროდუქცია, რომ ონლაინ შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქტის კონტინენტიდან ჩამოტანას კი არ დაელოდოს, არამედ უახლოესი საწყობიდან მიიღოს“ - იუწყება CNBC.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩინურმა კომპანიებმა საზღვარგარეთ 100 ახალი საწყობი ააშენეს, რაც შარშან 800-მდე გაზრდილ საწყობების რაოდენობას დაემატა.

ამასთან, უცხოურ ბაზარზე განმტკიცების მიზნით, კომპანია AliExpress საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში 200 და მეტი თანამშრომლით შტატების გაორმაგებას აპირებს, ხოლო Hisense დასავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში ახალ შესყიდვებსა და ქარხნების მშენებლობას გეგმავს, რადგან, CNBC-ის შეფასებით, ტარიფები Made in China-ს პროდუქციას აშშ-სა და სხვა ბაზრებზე აძვირებს და ის იაფი საქონლის საფირმო მარკას კარგავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ