ევროკავშირი აშშ-ში შესვლაზე დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეერთებულ შტატებს მოუწოდა, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმოს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა RND-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

„აშშ-სა და ევროკავშირში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა თითქმის თანაბარია. ჩვენ რაც შეიძლება, მალე უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა და რამდენიმე კვირით აღარ უნდა გადავდოთ. ამ მიზნით ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან კავშირს არ ვწყვეტთ“, - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

მისი კომენტარები უკავშირდება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირის მოქალაქეებისთვის შეერთებულ შტატებში მგზავრობაზე აკრძალვა ძალაში მას შემდეგაც რჩება, რაც ევროკავშირმა ივნისში აშშ-ს მოქალაქეებისთვის ეს შეზღუდვა გააუქმა. ივნისის შუა რიცხვებში ევროკავშირმა თავის „მწვანე სიას“ აშშ-ც დაამატა, რაც ბლოკის ქვეყნებში შესვლის უფლებას არავაქცინირებულ ამერიკელ მოგზაურებსაც კი აძლევდა.

ივნისის ბოლოს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მთავრობა ასეთ აკრძალვას რაც შეიძლება მალე გააუქმებს, მაგრამ თარიღი არ დაუსახელებია. გასულ კვირას ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აშშ-ში მგზავრობის შეზღუდვებს „უზარმაზარი იმედგაცრუება" უწოდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ევროკავშირის ზრდასრული მოსახლეობის 60%-მა გაიარა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ