მსოფლიოს უმსხვილესი ვიდეო თამაშების გამომცემელი, ჩინური Tencent, არასრულწლოვნებს კვირაში ერთ საათზე მეტხანს თამაშს აუკრძალავს. კომპანიამ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ჩინურ გამოცემაში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც თამაშებს "სულიერი ოპიუმი" უწოდეს.
“ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent ვიდეო თამაშებით დროის გატარებას არასრულწლოვნებში სამუშაო დღეებში საათნახევრიდან ერთ საათამდე, ხოლო შაბათ -კვირას სამიდან ორ საათამდე ზღუდავს“ - ამის შესახებ Financial Times წერს. CNBC-ის შეფასებით კი, Tencent ვიდეო თამაშების მსოფლიოში უდიდესი გამომცემელია.
წყაროს ინფორმაციით, კომპანია 12 წლამდე ასაკის ბავშვებს ფულის დახარჯვას აუკრძალავს. უფრო მეტიც, კომპანიამ ხელისუფლებას მოუწოდა ამ ასაკის ბავშვებისთვის თამაშების სრული აკრძალვის შემოღების შესაძლებლობა განიხილოს.
მანამდე, ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Xinhua-სთან დაკავშირებულმა Economical Information Daily-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ონლაინ თამაშებს „სულიერი ოპიუმი“ უწოდა. მასში მოყვანილია უცნობი სტუდენტების მონათხრობები, სადაც აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი მათი თანაკლასელი Tencent- ის მიერ გამოშვებულ თამაშზე Honor of Kings დღეში რვა საათს ხარჯავს. “როიტერი“ ასევე წერს, რომ მოგვიანებით ონლაინ გაზეთმა სტატია წაშალა. მოგვიანებით კი კვლავ ხელმისაწვდომი გახდა, მაგრამ "სულიერი ოპიუმის" ხსენების გარეშე.
სამშაბათს ვაჭრობის დაწყებისთანავე Tencent-ის აქციები 10%-ზე მეტით დაეცა, რის გამოც კომპანიამ თითქმის 60 მილიარდი დოლარი იზარალა.