,,თუ კიდევ ერთი ლოქდაუნი არ გამოცხადდა, სექტემბერში მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ“ -  ,,ანგუსი ჯგუფი“

,,რთული სათქმელია, რა გველის და დაგვკეტავენ თუ არა კიდევ ერთხელ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ჩვენი პირველი საფირმო მაღაზია დათქმულ ვადებში“ - ამის შესახებ "ანგუსი ჯგუფის“ დამფუძნებელი ოთარ კობახიძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ანგუსის ხორცზე მოთხოვნა მაღალია და ფერმის გაფართოებაც მოახერხა. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, საქონელი დაამატა.

,,ამ ეტაპზე მოთხოვნა მაღალია ანგუსის სტეიკებზე. ფერმა ჩვეულებრივ ფუნქციონირებს. მეტიც, დაახლოებით 1 კვირაა 18 ანგუსი დავამატე და 150-მდე გაიზარდა ჩვენი საქონლის რაოდენობა.

ცხადია, პანდემიამ რეალიზაცია შეამცირა პირველი და მეორე ლოქდაუნის დროს, რადგან სარესტორნო ბიზნესი გაჩერებული იყო. 2020 წლის გაზაფხულზე, ფაქტიურად ნულზე ვიყავით. უკვე მეორე ლოქდაუნების დროს, მაქსიმალურად ვცდილობდით, ჩვენი პროდუქციის ონლაინრეალიზაცია მოგვეხდინა სხვადასხვა პლატფორმის საშუალებით. ასევე, ვმუშაობდით გატანის სერვისზე მომუშავე რესტორნებზეც. რთული სათქმელია, რა გველის და დაგვკეტავენ თუ არა კიდევ ერთხელ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, გაიხსნება თუ არა ჩვენი პირველი საფირმო მაღაზია დათქმულ ვადებში. გახსნას სექტემბერში ვგეგმავთ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც ჩვენი პრემიუმ ხაზის სტეიკები გაიყიდება.

თავდაპირველად, როცა ამ მიმართულებით ფერმა გავაკეთე და მუშაობა დავიწყე, 16 დასახელების სტეიკი მქონდა, თუმცა დრომ და გამოცდილებამ აჩვენა, რომ ქართულ ბაზარზე ყველა სტეიკი მოთხოვნადი არ არის, ამიტომ შევამცირე თექვსამდე. ფასები 59 ლარიდან 63 ლარამდე მერყეობს," - განუცხადა ოთარ კობახიძემ ,,ბიზნესპრესნიუსს“.

ცნობისთვის, მარტყოფში ,,ანგუსი ჯგუფის“ ფერმა 2019 წლიდან ფუნქციონირებს. თავდაპირველი ინვესტიცია კი 2 მლნ ლარს შეადგენდა. ამ ეტაპზე ფერმაში 4 ადამიანია დასაქმებული.

თამარ მუკბანიანი