The New York Times-ის ციფრულ ხელმომწერთა შემცირება გაზრდილმა სარეკლამო შემოსავალმა  დააკომპენსირა

The New York Times-მა, თავისი სარეკლამო ბიზნესის წყალობით, კვარტალური მოგების მოლოდინებს გადააჭარბა. ციფრული ხელმოწერების ნელი ზრდა გამოცემის სარეკლამო შემოსავლებმა დააკომპენსირა და მისი აქციები 12%-მდე გაზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პანდემიის გამო გასული წლის შემცირებული სარეკლამო შემოსავლების შემდეგ, The Times-მა წელს მარკეტინგული ბიუჯეტი გააფართოვა და რეკლამების გაყიდვები 66%-ით გაზარდა. ფინანსური დირექტორი, როლანდ კაპუტო აცხადებს, რომ რეკლამების დიდი ნაწილი მსხვილი ტექნოლოგიური და ფინანსური კომპანიებისგან შეუვიდათ. ის ელოდება, რომ მიმდინარე კვარტალში სარეკლამო შემოსავლები 30-35%-ით გაიზრდება.

მეორე კვარტალში გამოცემის კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე 36 ცენტი, შემოსავალმა კი 498,5 მლნ დოლარი შეადგინა. Refinitiv-ის ანალიტიკოსები მოელოდნენ, რომ მეორე კვარტალში გამოცემის მოგება თითო აქციაზე 27 ცენტი, შემოსავალი კი 487,7 მლნ დოლარი იქნებოდა.

თუმცა, The Times-ის ციფრული აბონენტების რიცხვი სწრაფად არ იზრდება. ციფრულ ვერსიაზე ხელმომწერთა რაოდენობა სამწლიან მინიმუმამდე დაეცა. მიზეზად ასახელებენ იმას, რომ კოვიდ-ნიუსებზე ამერიკელი საზოგადოების ინტერესი ვაქცინაციის შემდეგ შემცირდა. ივნისში დასრულებულ მეორე კვარტალში The New York Times-მა, რომელსაც 170-წლიანი ისტორია აქვს, მხოლოდ 142 000 ციფრული ხელმომწერი დააგროვა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. Sensortower-ის მონაცემებით, მაისი-ივნისის პერიოდში გამოცემის აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორი-მესამედით შემცირდა.

თუმცა, როგორც აღმასრულებელი დირექტორი მერედიტ კოპიტ ლევიენი აცხადებს, ისეთმა პოპულარულმა თემებმა, როგორიც იყო სამხრეთ ფლორიდის სტიქიური მოვლენები, პოლიტიკური კრიზისი ჰაიტიზე და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზარდი პანდემია, მკითხველის მიზიდვა მაინც შეძლო. მეორე კვარტლის ბოლოსთვის The Times-ს მთლიანობაში 8 მილიონი ხელმომწერი ჰყავდა, საიდანაც 7,1 მილიონი ციფრული აბონენტია. კომპანიის აქციებმა წელიწადნახევრიან მაქსიმუმს გადააჭარბა და თითოს ფასმა 48,75 დოლარი შეადგინა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ