თითქმის 97% - რა რაოდენობის ვაშლს ვყიდით რუსეთში, სადაც ფერმერები პროდუქტის იმპორტის კვოტირებას მოითხოვენ

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში, საქართველოდან ექსპორტირებული ვაშლის თითქმის, 97% რუსეთში გავიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც რუსი ფერმერები ვაშლის იმპორტის კვოტირებას მოითხოვენ. კერძოდ, როგორც რუსი მებაღეების პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაშია აღნიშნული, მთავრობამ ვაშლის მასობრივი კრეფა-რეალიზაციის პერიოდში, ანუ სექტემბრიდან აპრილამდე, ამ ხილის იმპორტზე კვოტები უნდა დააწესოს.

წერილში ნათქვამია, რომ სამეწარმეო ხარჯების ზრდისა და იმპორტის დიდი მოცულობის ფონზე, ბევრი მებაღე შესაძლოა, გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდეს და ე.წ. ვაშლის იმპორტის ჩანაცვლების პროგრამა შეწყდეს.

მებაღეების შეფასებით, რუსეთში ყოველწლიურად 1,2 მილიონ ტონამდე ვაშლი მოჰყავთ, იმპორტირებული კი, დაახლოებით, 1 მილიონი ტონაა. ისინი მოხმარების დონიდან ვაშლის იმპორტის 40%-ით შემცირებას მოითხოვენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის ვაშლს ყიდის საქართველო რუსეთში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებული ვაშლის მოცულობა გაზრდილია. კერძოდ, თუ, 2020 წლის 6 თვეში (იანვარ-ივნისი) საქართველოდან 3,073 ტონა (1,533 მლნ აშშ დოლარის) ვაშლი გავიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიდოში 11,598 ტონა (5,407 მლნ აშშ დოლარი) შეადგინა, საიდანაც 97% რუსეთზე მოდის.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის 6 თვეში რუსეთში 5,226 მლნ აშშ დოლარის (11,201 ტონა) პროდუქტი გავიდა.

ექსპორტი მცირე რაოდენობით განხორციელდა ასევე: აზერბაიჯანში, სომხეთში, ჰონგ-კონგში, ყაზახეთში, მოლდოვაში, სინგაპურში, თურქმენეთსა და უკრაინაში.

ნინი ქეთელაური