Marriott-ს წარმატებული მეორე კვარტალი ჰქონდა, თუმცა პანდემიამდელ დონეს ჯე კიდევ მნიშვნელოვნად ჩამორჩება

სასტუმროების გლობალურმა ოპერატორმა, Marriott International-მა კვარტალური მოგებით უოლ სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა. კომპანია Marriott International-მა, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა JW Marriott და Ritz-Carlton, გაავრცელა განცხადება, რომ მისი დატვირთულობა ძირითად ბაზრებზე, აშშ-კანადაში 56,1%-ით, ჩინეთში კი 62,4%-ით გაიზარდა მაშინ, როცა გასულ წელს აშშ-კანადაში სასტუმროების შევსების მაჩვენებელი 19,6%-ს, ჩინეთში კი 35,5%-ს შეადგენდა.

თუმცა, შარშანდელ მინიმუმთან შედარებით მიღებული ეს მაღალი მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მაგალითად, RevPAR-ის შედარებითი მაჩვენებელი, რომელიც სასტუმროების ბიზნესში ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებელია და ნომრის დღიური დაჯავშნის შემოსავლით განისაზღვრება, მეორე კვარტალში, 2019 წელთან შედარებით, 43,8%-ით დაეცა.

კომპანიამ აქციაზე 79 ცენტი გამოიმუშავა და Refinitiv-ის ანალიტიკოსების პროგნოზირებად ფასს, აქციაზე 45 ცენტს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. რაც შეეხება შემოსავალს, მეორე კვარტალში ის 115,1%-ით გაიზარდა და 3,15 მლრდ დოლარს მიაღწია, თუმცა უოლ სტრიტის 3,21 მლრდ დოლარის შემოსავლის მოლოდინი ვერ გაამართლა. ბაზრის წინა ვაჭრობაზე Marriott International-ის აქციები, დაახლოებით, 0,8%-ით გაიზარდა.

„ტურისტული ინდუსტრიის აღდგენამ მსოფლიო ტურისტულ ბიზნესს უშველა. თუმცა Marriott-ის წარმატებული კვარტალური შედეგები ვრცელდება იმ ფონზე, როცა დელტა შტამის გავრცელების ახალი ტალღა მსოფლიოს ყველა ქვეყანას ურტყამს და ტურისტული მოგზაურობის გეგმებს პოტენციურად შლის“, - წერს სააგენტო Reuters.

„ჯერჯერობით ყურადღებით ვაკვირდებით დელტავარიანტსა და სხვა სახის შტამებს, თუმცა ოპტიმისტურ ნიშნებს ვხედავთ, რომ გლობალური აღდგენითი ტრაექტორია გრძელდება“, - აცხადებს Marriott International-ის გენერალური დირექტორი ენტონი კაპუანო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ