ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ინფიცირებულთა ზრდას ტურიზმს ვერ დავაბრალებთ - მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდა ერთმნიშვნელოვნად ტურიზმს არ უკავშირდება. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით ყველაზე საშიშია დიდი თავშეყრები და წესების უგულებელყოფა.

“ტურიზმის ზეგავლენას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ მიმდინარე ეპიდემიას სრულად, ბევრი სხვა ფაქტორია. მთავარი „ბუსტერი“ არ არის ტურიზმი, მთავარი „ბუსტერი“ არის ქორწილი, დიდი თავშეყრა, სადაც 400-500 ადამიანი იყრის თავს, ეს არის სწორედ ამ ღონისძიებებიდან გამომდინარე. დღეს მიმდინარე ღონისძიებები გარკვეული წესების დაცვით იმართება, მთავარი რისკი არის იქ, სადაც იმ წესების დაცვა არ და ვერ ხდება, ეს იწვევს სწორედ ინფექციის გავრცელებას, თორემ რაც წინასწარ დაგეგმილია, სადაც ადამიანების რაოდენობა განსაზვრულია და დისტანცია, წესია დაცული, ის „ბუსტერს“ არ ქმნის ინფექციის გავრცელების კუთხით. უკონტროლო გავრცელება არის იქ, სადაც არის გარკვეულწილად ოჯახური თავშეყრა და წესებს არ იცავენ. ეს არის ყველაზე საშიში“, - განაცხადა გაბუნიამ.