ამირან გამყრელიძე - გამოვალთ ინიციატივით, რომ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80% სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძისგანცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საკოორდინაციო საბჭოზე კიდევ ერთხელ გამოვა ინიციატივით, რომ იმ დაწესებულებებს, სადაც თანამშრომელთა 70-80 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, კორონავირუსისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსი მიენიჭოს.

როგორც ის აღნიშნავს, ცენტრის სურვილია, მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.

„ძალიან გვინდა, რომ იყოს ასეთი წამახალისებლები. კარგი იქნება კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, მომავალ კვირას საკოორდინაციო საბჭოზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, „პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაციას დააყენებს“, თუმცა რა იგულისხმება აღნიშნულ რეკომენდაციებში, ამირან გამყრელიძე არ აკონკრეტებს.