ტენდერები, რომლის გამოც საქართველოს ეკონომიკამ იზარალა

”ზოგიერთ კომპანიას 2-3 წლის წინ შესასრულებელი სამუშაო დღესაც არ დაუსრულებია”

ჩაშლილი ტენდერების შესახებ bpn.ge ადრეც წერდა. ეს ის ტენდერებია, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის ვერშესრულების მთავარ მიზეზად ასახელებენ. ამის შესახებ თავდაპირველად დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თემურ მაისურაძემ განაცხადა, მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს პროცესი ხელოვნურ ხასიათსაც ატარებდა. მაისურაძე ამ საკითხზე დღესაც მუშაობს, ამბობს, რომ ხშირად ღამეების თენება უწევს, რომ ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობაში გაერკვეს, მაგრამ ეს ის სფეროა, რომლის შესწავლაც აუცილებელია.

- რა მოხდა, რატომ გადაწყვიტეთ ამ თემის წინ წამოწევა და საეჭვო ტენდერების შესწავლა?

- მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? - ბიუჯეტი არ სრულდებოდა და მინისტრები გამუდმებით იმეორებდნენ - ტენდერები ჩავარდა, ტენდერები ჩავარდაო. ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო? სწორედ ამ ტენდერების შეუსრულებლობამ გამოიწვია ბიუჯეტის ჩავარდნა და ეს არც არის გასაკვირი: დავუშვათ, კომპანიამ მოიგო ტენდერი, მაგრამ არ შეასრულა ვალდებულებები, სახელმწიფო იძულებულია იგივე ტენდერი თავიდან გამოაცხადოს და ამის გამო ერთ წელს კარგავს. შედეგად, სახელმწიფოს ეშლება ბიუჯეტის შესრულების ნაწილი და ქვეყანაში საჭირო რაოდენობის თანხა ვეღარ ტრიალებს. ნათქვამია, ავი ძაღლი არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო - თუ არ შეგიძლია ამ სამუშაოს შესრულება, მაშინ სხვა კომპანიას მიეცი, ვიღაცამ ეს ლუკმა ხომ დაკარგა? გარდა იმისა, რომ ჩაშლილი ტენდერების წყალობით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდა, ამის გამო ზარალი ნახეს კონკრეტულმა ოჯახებმა, კონკრეტულმა ადამიანებმა და რაც მთავარია, იმის გამო, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა, ან უარი თქვა სამუშაოს შესრულებაზე, იზარალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკამ.

-  ხომ ვერ გამოყოფდით ჩაშლილ ტენდერებს, რომლებიც ძალზე საყურადღებო და გამორჩეულია?

- ყველა შემთხვევა საყურადღებოა, რადგან ამ ტენდერების შესწავლისას სერიოზულ დარღვევებს ვხვდებით: ჩანს, რომ კომპანიები უარს ამბობდნენ შესასრულებელ სამუშაოებზე. ორთვიანი, სამთვიანი, ან ოთხთვიანი ტენდერის ვადები ზოგჯერ ორი და სამი წლით არის გადავადებული. გაუგებარია, რა მიზეზით ხსნიდნენ ამ სამუშაოების შეუსრულებლობას, ან გადავადებას. არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ კომპანიებს პარალელურად რამდენიმე ადგილას აქვთ წამოწყებული სამუშაო ერთი და იმავე ტექნიკით. მერე ეს ტექნიკა ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდათ და ცდილობდნენ ასეთი უცნაური პრინციპით ემუშავათ... ერთი სიტყვით, დარღვევა მრავალგვარია, მაგრამ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ შედარებით მსხვილ დამკვეთებზე, რომლებსაც მილიონიანი და უფრო ძვირი სამუშაო ჰქონდათ შესასრულებელი. ამ ყველაფრის გამორკვევას სერიოზული შესწავლა და ანალიზი სჭირდება, ეს ერთი, ან რამდენიმე ადამიანის ძალებს აღემატება.

- ყველაზე ხშირად რა სახის დარღვევები იკვეთება?

- ჩემი დაკვირვებით, ყველაზე მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ტენდერები იშლებოდა, მაინც გადავადებებია: ორგანიზაციები ვერ ეტეოდნენ ვადებში და დროულად ვერ ასრულებდნენ დაკისრებულ სამუშაოს. ეს ხდებოდა 2011, 2012 წლებში, 2013-შიც, 2014 წლის მასალები ჯერ არ შემისწავლია. ყველაზე საწყენი კი ის არის ის, რომ კომპანიებმა, რომლებსაც შეეძლოთ წესიერად და ნორმალურად შეესრულებინათ ეს სამუშაო, ტენდერში ვერ გაიმარჯვეს. როდესაც კომპანიას სამუშაოები 2012, ან 2013 წელს უნდა დაესრულებინა და დღესაც არ დაუსრულებია, ეს რა თქმა უნდა, ქვეყნის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახება და ბიუჯეტზეც. ზოგიერთ ტენდერში წერია, რომ კომპანიას თავისი სამუშაო ორ, ან სამ თვეში უნდა შეესრულებინა და 2-3 წლის შემდეგაც არა აქვს დასრულებელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა ტიპის დარღვევაც: ზოგ შემთხვევაში საწყისი ღირებულება სულ სხვაა და მერე ორმაგდება. ასეთი ტენდერები საკუთარი თვალით მინახავს, მაგრამ გაურკვეველია, ყველაფერი სწორად არ დაგეგმეს, თუ იმ კომპანიამ ითაღლითა, რომელსაც სამუშაოს შესრულება ევალებოდა - ჯერ დაბალი ფასით მოიგო ტენდერი და მერე გააძვირა? - ეს შეკითხვაც უპასუხოდ რჩება. სხვათა შორის, როდესაც გადაცდომა მცირეა, ამას შეიძლება ყურადღება არც კი მივაქციოთ, მაგრამ როცა ტენდერის ღირებულება მსხვილი თანხით იზრდება, მაშინ მისი შესწავლა აუცილებელია. ზოგიერთი სამუშაო უკვე შესრულებულია, მაგრამ შესრულდა ორი წლის შემდეგ და გაცილებით ძვირად- მაგალითად: თავის დროზე 1,5 მილიონი ლარი ღირდა და მერე გახდა 2,5 მილიონი.

- ძირითადად რომელ სფეროში შეინიშნება ამ ტიპის დარღვევები?

- ეს შეეხება თითქმის ყველა მიმართულებას - იქნება ეს სამშენებლო სფერო, გზები, თუ სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან ათასნაირი სამუშაოა შეუსრულებელი. თანაც, ამ მასალებიდან არ ჩანს, თუ რატომ ვერ ასრულებდნენ ტენდერის პირობებს, იმიტომ, რომ ხელშეკრულებები ხშირად კომერციული საიდუმლოებაა. რა არგუმენტები მოჰყავდათ და რით ამართლებდნენ თავს - ეს საკითხიც გაურკვეველია.

- ამ კომპანიების სახელებს ხომ ვერ დაგვისახლებთ?

- ჯერ მათი სახელების დასახელება არ მინდა იმიტომ, რომ ჯერ ყველაფერში კარგად უნდა გავერკვე. პარლამენტის წევრისგან, მით უმეტეს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის წევრისაგან იმის თქმა, რომ ესა თუ ის კომპანია დამნაშავეა, არასწორია. ხშირად ღამეებს ვათევ, რომ ეს საქმეები შევისწავლო. ძალიან შრომატევადი საქმეა, ამდენი კომპანიის სატენდერო ხელშეკრულებებს ვეცნობი, უზარმაზარი ცხრილები და სამი, თუ ოთხი წლის მანძილზე დაგროვილი დოკუმენტებია შესასწავლი. ამ დოკუმენტებს ვსწავლობ იმიტომ, რომ ეს პირადად ჩემი და ჩემი ფრაქციის ინიციატივა იყო. ყველა შემთხვევა გამორჩეულია, ყველა შემთხვევა განსხვავდება ერთმანეთისაგან. მფარველობდა თუ არა ამ კომპანიებს ყოფილი ხელისუფლება - ეს უკვე პროკურატურის გასარკვევია. ჯერ კი ყველაფერი უნდა გაირკვეს - რატომ ხდებოდა გადავადებები, რატომ იზრდებოდა ფასები, რატომ არის ამხელა განსხვავება შესასრულებელი და უკვე შესრულებული სამუშაოს ღირებულებას შორის და ა.შ... ჩემთვის ყველაზე საკვირველი კი მაინც ერთი რამ არის: კომპანიები, რომლებსაც საქმიანობაში ასეთ დარღვევები აქვთ, დღესაც როგორ ხვდებიან ტენდერებში და როგორ იმარჯვებენ?!

ხათუნა ჩიგოგიძე