Eurostat - ევროკავშირში ყოველი მეოთხე ლუდი გერმანულია

Eurostat-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში, თითქმის, 32 მილიარდი ლიტრი ალკოჰოლური ლუდი აწარმოეს. ამასთან, 2020 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 0.5%-ზე ნაკლები სპირტის ან მთლიანად უალკოჰოლო 1,4 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოეს. შარშან, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირში ალკოჰოლის შემცველი ლუდის წარმოება 8%-ით შემცირდა, ხოლო უალკოჰოლოს წარმოების მაჩვენებელი სტაბილური დარჩა.

გასულ წელს ევროკავშირში ლუდის მთლიანი წარმოება ერთ მოსახლეზე 74 ლიტრს შეადგენდა. წევრ ქვეყნებს შორის გერმანია ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო, რომელმაც 2020 წელს 7,5 მილიარდი ლიტრი ლუდი (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 24%) ჩამოასხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ყოველი მეოთხე ლუდი გერმანულია.

გერმანიას მოსდევს პოლონეთი 3,8 მილიარდი ლიტრით (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 12%). შემდეგი ესპანეთია 3,3 მილიარდი ლიტრით (მთლიანი წარმოების 10%), ნიდერლანდები - 2,5 მილიარდი ლიტრით, ანუ 8%-ით, საფრანგეთი - 2,1 მილიარდი ლიტრით (7%), ჩეხეთი - 1.8 მილიარდი ლიტრით (6%) და რუმინეთი 1.7 მილიარდი ლიტრით (5%).

წევრ ქვეყნებს შორის ლუდის უმსხვილესი ექსპორტიორი ნიდერლანდებია, რომელმაც გასულ წელს 1,9 მილიარდი ლიტრი ალკოჰოლიანი ლუდის ექსპორტი განახორციელა, რაც ევროკავშირის შიდა და მის ფარგლებს გარეთ ექსპორტირებული ლუდის 21%-ს შეადგენს. ჰოლანდიელებს ბელგიელები მოსდევენ 1.7 მილიარდი ლიტრი ლუდის ექსპორტით, რაც მთლიანი ექსპორტის 19%-ია. მესამე ადგილზეა გერმანია, რომელმაც ქვეყნიდან და ბლოკის საზღვრებიდან 1.5 მილიარდი ლიტრი ლუდი (17%) გაიტანა.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, ლუდის ექსპორტის ძირითადი მიმართულება იყო აშშ, სადაც 895 მილიონი ლიტრი, ანუ ევროკავშირის გარეთ ექსპორტირებული ლუდის 22% შეიტანეს. აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, სადაც 881 მილიონი ლიტრი ლუდის, ანუ ბლოკიდან გატანილი მთლიანი მოცულობის 21%-ის ექსპორტი განხორციელდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ