მსჯავრდებულებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება და დასაქმება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება

მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების მიზნით სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიახლე ასევე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობას მისცემს კარიერა სწორად დაგეგმონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა ლომუაშვილმა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გუგა მირიანაშვილმა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა მოაწერეს.