ლაშა ხუციშვილი - ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკური რეფორმები მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი ინსტრუმენტია.

ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე და აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს ოთხი ძირითადი მიმართულებით.

მინისტრის თქმით, ესენია: ზრდაზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა, ბიზნესმეგობრული საგადასახადო ადმინისტრირება, საგადასახადო დავების რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა.

„ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკის მიზანია, არა მხოლოდ შემოსავლების მობილიზება, არამედ ამ პროცესის განხორციელება ეკონომიკურ ზრდაზე მაქსიმალურად ხელშემწყობი მეთოდებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საგადასახადო სისტემის ისეთი დიზაინი, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს საბაზრო მექანიზმების დამახინჯებებს ე.წ. Distortion-ებს და ქმნის უფრო სწორ საგადასახადო სტიმულებს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, განაწილებული მოგების გადასახადი ამ მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯი იყო და ამ კუთხით მუშაობა კვლავ გრძელდება.

„ჩვენი მიზანია, პირდაპირი გადასახადების წილის შემცირება მთლიან საგადასახადო შემოსავლებში, რაც მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ექსპორტისათვის და საექსპორტო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისათვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.