ლაშა ხუციშვილი - გაუქმდება არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე მიემართება

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საგადასახადო შეღავათების ეფექტურობაზე ისაუბრა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, დაწყებულია საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება იქნება.

„განხორციელებული კვლევები არაერთი ქვეყნის მაგალითზე აჩვენებს, რომ საგადასახადო დანახარჯების უმრავლესობა გარკვეულ წილად ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. ჩვენ დავიწყეთ საგადასახადო დანახარჯების დათვლა შეღავათის თითოეული კატეგორიის მიხედვით, რომლის შემდგომი ეტაპი იქნება თითოეული შეღავათის სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება. აღნიშნული შეფასება მოგვცემს საშუალებას, გავაუქმოთ არაეფექტური შეღავათები და გამოთავისუფლებული რესურსი, მივმართოთ ეკონომიკური ზრდისა და სოციალური თანასწორობის მისაღწევად უფრო მაღალი ეფექტების მქონე პროგრამების დაფინანსებაზე", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

ამასთან, 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საჯარო ფინანსების აღრიცხვიანობის, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აღრიცხვიანობის და ანგარიშვალდებულების შეფასების საუკეთესო მოდელად აღიარებულია მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებული სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების - ე.წ. PEFA-ს შეფასება, რომელიც ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ხორციელდება; განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღნიშნული შეფასების ინდიკატორების 81 პროცენტში საქართველოს აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება.

„ჩვენ ვაგრძელებთ რეფორმებს თითოეული მიმართულებით და სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2026 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში, 2030 წელს - ინდიკატორების 95 პროცენტში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

რაც შეეხება ბიუჯეტის გამჭვირვალობას, ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ღიაობის ინდექსი რომლის მიხედვით საქართველო იმყოფება სრულიად გამჭვირვალე სტატუსის მქონე 6 ქვეყანას შორის.

„მომდევნო წლებში, ჩვენ მიერ დაგეგმილი ღონისძიებები მიმართულია გამჭვირვალობის სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებისკენ და რაც მნიშვნელოვანია, საბიუჯეტო პროცესში მოსახლეობისა და არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობის მიღწევისკენ. შედეგად ჩვენ მუდმივად შევინარჩუნებთ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნის სტატუსს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანას მაღალი შეფასებები აქვს საგადასახადო ადმინისტრირების მიმართულებით.

„საგადასახადო ორგანოების ეფექტურობა 4 წელიწადში ერთხელ ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, საგადასახადო ადმინისტრირების დიაგნოსტიკის ინსტრუმენტის - ე.წ. TADAT-ის მიხედვით. ინდიკატორების 53 პროცენტში ქვეყანას აქვს კარგი ან უმაღლესი შეფასება. ამ ეტაპზე, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად მიმდინარეობს მომდევნო 4 წლიანი სტრატეგიის შემუშავება, რომლის მიხედვითაც განახლდება ჩვენი რეფორმების სია. რეფორმების განხორციელების შედეგად, სამიზნე მაჩვენებლად დასახული გვაქვს TADAT-ის მიხედვით კარგი ან უმაღლესი შეფასება გვქონდეს: 2024 წელს - ინდიკატორების 70 პროცენტში, 2028 წელს - ინდიკატორების 90 პროცენტში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.