ფინანსთა მინისტრი - ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა

ჩვენი მიზანია მაღალი ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში ქვეყნის მთავარი ამოცანაა: სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, სოციალური უთანასწორობის შემცირება, დასაქმების მაღალი მასშტაბების მიღწევა და ეკონომიკური კეთილდღეობის მნიშვნელოვნად გაზრდა.

მისივე თქმით, ამ მიზნების მისაღწევად, მთავარი გრძელვადიანი ინსტრუმენტია მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ამასთან, როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, ამგვარი ეკონომიკური ზრდისთვის საჭიროა ეკონომიკური რეფორმების გაგრძელება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის დაცვა.

„საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რეგიონის, ასევე, გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე. საგარეო ეკონომიკური ფაქტორები კვლავ მაღალ რისკებს შეიცავს, ამიტომ ჩვენი მთავარი ფოკუსია შიდა ფაქტორების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და ქვეყნის პროდუქტიულობის გაუმჯობესებით ფორმირებული ეკონომიკური ზრდის მიღწევა“, - განაცხადა ხუციშვილმა.