აშშ-ს ჩრდილოეთითა და კანადაში, სადაც მსოფლიო მარაგის ნახევარზე მეტი ხორბალი მოჰყავთ, გვალვების გამო ნათესები ხმება. Reuters-ის ცნობით, ამ ქვეყნებში საცხობებსა და წისქვილებში ხორბლის მარაგი ელევათ, რის გამოც იძულებული ხდებიან, საგაზაფხულო ხორბალი უფრო მაღალ ფასად შეიძინონ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი გვალვების გამო, ამერიკელი და კანადელი ფერმერები საგაზაფხულო ხორბლის მკვეთრად შემცირებულ მოსავალს ელოდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის გლობალური მარაგი დიდია, გვალვა ძირითადად მაღალი ცილის შემცველ საგაზაფხულო ხორბლის კულტურას აზარალებს. ამ ჯიშის ხორბლისგან ისეთი წისქვილკომბინატები, როგორიცაა Archer Daniels Midland და მცხობელები, მათ შორის კომპანია Grupo Bimbo, ტექსტურასა და ცომეულისთვის საჭირო ტენიანობას იღებენ.
„დიდი ბრიტანეთიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული, იმპორტიორები იძულებული ხდებიან, ჩრდილო ამერიკის მცირე მოსავლის გამო, ხორბალში მეტი გადაიხადონ ან მიმართონ სხვა მიმწოდებლებს, როგორიცაა ავსტრალია და რუსეთი“, - წერს Reuters.
მინეაპოლისის საგაზაფხულო ხორბლის ფიუჩერსებზე ვაჭრობა ცხრაწლიანი მაქსიმუმის მაჩვენებლით მიმდინარეობს.
„წლის ბოლოსთვის კანადაში პური შესაძლოა, 6,5%-ით გაძვირდეს“, - აცხადებს ახალი შოტლანდიის ჰალიფაქსში მდებარე დალჰაუზის უნივერსიტეტის Agri-Food Analytics-ის ლაბორატორიის დირექტორი სილვენ შარლებუა. მისი თქმით, აშშ-ში ფასების პროგნოზირება უფრო რთულია, რადგან იქ წლის დასაწყისში ფქვილის ფასი დაეცა, რისი მიზეზიც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ სახლში ცხობის ტენდენციის შემცირებაა.
ელოდებიან, რომ კანადაში საგაზაფხულო ხორბლის მოსავალი 16-დან 20 მილიონ ტონას შეადგენს, რაც შარშანდელ 25,8 მილიონ ტონაზე ნაკლებია. მაგალითად, პროვინცია სასკაჩევანში საგაზაფხულო ხორბლის მხოლოდ 16%-ია კარგ მდგომარეობაში, ხოლო ალბერტაში - 21%.
აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მონაცემებით, მოსალოდნელია, რომ შტატებში საგაზაფხულო ხორბლის მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 41%-ით შემცირდეს, რაც 33-წლიანი მინიმუმია. კარგ ან საუკეთესო მდგომარეობაში მოსავლის მხოლოდ 10%-ია მაშინ, როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 73%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში კარგი ან საუკეთესო ნათესების ასეთი დაბალი მაჩვენებელი 1988 წლის გვალვების შემდეგ შტატებში ჯერ არ დაფიქსირებულა. USDA-ს მონაცემებით, მონტანაში საგაზაფხულო ხორბლის 42% მეტად ცუდ, ხოლო 43% ცუდ მდგომარეობაშია.
ჩინეთში მდებარე საერთაშორისო სავაჭრო სახლის მონაცემებით, პეკინი, როგორც წესი, ჩრდილო ამერიკაში არნახული რაოდენობის საგაზაფხულო ხორბალს ყიდულობს, თუმცა წელს იძულებული გახდება, ხორბალი სხვა მიმწოდებლებისგან, მაგალითად, ავსტრალიისგან შეიძინოს.
მოსკოვის საკონსულტაციო სააგენტო IKAR-ის ხელმძღვანელის დიმიტრი რილკოს განცხადებით, რუსეთს მსოფლიო ბაზარზე ჩრდილო ამერიკის დეფიციტის ნაწილობრივ შევსება შეუძლია, რადგან წელს ფედერაციის სამხრეთ რეგიონებში, შარშანდელთან შედარებით, მაღალი ცილების შემცველი ხორბლის მოსავალს ელოდებიან.
„თუმცა, რუსეთისა და ყაზახეთის ხორბალი მაღალი გლუტენით ანუ წებოვანათი არ ხასიათდება, როგორიც ამერიკული მყარი წითელი და კანადის დასავლური წითელი საგაზაფხულო ხორბალია“, - აცხადებს სავაჭრო ჯგუფ U.S. Wheat Associates-ის წარმომადგენელი მაიკ სპირი.
Eurostat-ის მონაცემებით, გასულ წელს ევროკავშირში, თითქმის, 32 მილიარდი ლიტრი ალკოჰოლური ლუდი აწარმოეს. ამასთან, 2020 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 0.5%-ზე ნაკლები სპირტის ან მთლიანად უალკოჰოლო 1,4 მილიარდი ლიტრი ლუდი აწარმოეს. შარშან, 2019 წელთან შედარებით, ევროკავშირში ალკოჰოლის შემცველი ლუდის წარმოება 8%-ით შემცირდა, ხოლო უალკოჰოლოს წარმოების მაჩვენებელი სტაბილური დარჩა.
გასულ წელს ევროკავშირში ლუდის მთლიანი წარმოება ერთ მოსახლეზე 74 ლიტრს შეადგენდა. წევრ ქვეყნებს შორის გერმანია ყველაზე მსხვილი მწარმოებელი იყო, რომელმაც 2020 წელს 7,5 მილიარდი ლიტრი ლუდი (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 24%) ჩამოასხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირში ყოველი მეოთხე ლუდი გერმანულია.
გერმანიას მოსდევს პოლონეთი 3,8 მილიარდი ლიტრით (ევროკავშირის მთლიანი წარმოების 12%). შემდეგი ესპანეთია 3,3 მილიარდი ლიტრით (მთლიანი წარმოების 10%), ნიდერლანდები - 2,5 მილიარდი ლიტრით, ანუ 8%-ით, საფრანგეთი - 2,1 მილიარდი ლიტრით (7%), ჩეხეთი - 1.8 მილიარდი ლიტრით (6%) და რუმინეთი 1.7 მილიარდი ლიტრით (5%).
წევრ ქვეყნებს შორის ლუდის უმსხვილესი ექსპორტიორი ნიდერლანდებია, რომელმაც გასულ წელს 1,9 მილიარდი ლიტრი ალკოჰოლიანი ლუდის ექსპორტი განახორციელა, რაც ევროკავშირის შიდა და მის ფარგლებს გარეთ ექსპორტირებული ლუდის 21%-ს შეადგენს. ჰოლანდიელებს ბელგიელები მოსდევენ 1.7 მილიარდი ლიტრი ლუდის ექსპორტით, რაც მთლიანი ექსპორტის 19%-ია. მესამე ადგილზეა გერმანია, რომელმაც ქვეყნიდან და ბლოკის საზღვრებიდან 1.5 მილიარდი ლიტრი ლუდი (17%) გაიტანა.
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, ლუდის ექსპორტის ძირითადი მიმართულება იყო აშშ, სადაც 895 მილიონი ლიტრი, ანუ ევროკავშირის გარეთ ექსპორტირებული ლუდის 22% შეიტანეს. აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა, სადაც 881 მილიონი ლიტრი ლუდის, ანუ ბლოკიდან გატანილი მთლიანი მოცულობის 21%-ის ექსპორტი განხორციელდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ