ამერიკელი ბიზნესმენები ჩინური პროდუქციის იმპორტზე გადასახადების დაწევას მოითხოვენ

აშშ-ს ყველაზე გავლენიანი 30-მდე ბიზნეს-ჯგუფი პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიმართავს წერილით, რომ თეთრმა სახლმა ჩინეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები აღადგინოს და რაც მთავარია, იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე გადასახადები შეამციროს. ამის შესახებ the Wall Street Journal წერს.

ჩინურ საქონელზე ტარიფები, რომელსაც ამერიკელი იმპორტიორები იხდიან, დაწესდა იმ მიზნით, რომ პეკინს 2020 წელს შეთანხმებული ე.წ. პირველი ფაზის სავაჭრო ფაქტის ვალდებულებები შეესრულებინა. აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელ ქეთრინ ტაისა და ფინანსთა დეპარტამენტის მდივან ჯანეტ იელენისადმი გაგზავნილ წერილში ბიზნეს-ჯგუფები წერენ, რომ ჩინეთმა შეთანხმებით გათვალისწინებული „მნიშვნელოვანი მაკონტროლებელი წესები და ვალდებულებები“ შეასრულა, მათ შორის, გახსნა ბაზრები ამერიკის ფინანსური დაწესებულებებისთვის და მათთვის ზოგიერთი ნორმატიული მოთხოვნა, აგრეთვე, აშშ-დან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე ბარიერები შეამცირა.

„დასაქმებულებზე ორიენტირებული სავაჭრო დღის წესრიგი უნდა ითვალისწინებდეს იმ ხარჯებს, რასაც ამერიკული და ჩინური ტარიფები წარმოადგენს ამერიკელებისთვის როგორც ჩინეთში, ისე აშშ-ში, ამიტომ უნდა გაუქმდეს ისეთი ტარიფები, რომლებიც აშშ-ს ინტერესებს ზიანს აყენებს,“ - ნათქვამია წერილში.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ