,,ბოლო ტენდენცია ასეთია, ჯავშნიან ნომრებს, მაგრამ ან იმავე, ან მეორე დღეს აუქმებენ“ - ჰოტელიერი

,,ბოლო ტენდენცია ასეთია, ჯავშნიან ნომრებს, მაგრამ ან იმავე, ან მეორე დღეს აუქმებენ. ეს არის ძალიან ხშირი და შესამჩნევი“ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა მესტიისა და გუდაურის სასტუმროებში ჯავშნების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, აგვისტოს დასაწყისში გუდაურში ზამთრისთვის ნომრების 60-75% დაჯავშნილი იყო, წელს კი, ამ დრომდე არცერთი ჯავშანი არ არის.

,,მას შემდეგ, რა ევროპამ და ნელნელა სხვა ქვეყნებმაც წითელ ზონაში გადაგვიყვანეს უკუსვლა დაიწყო, თორემ მესტიაში ივლისში საკმაოდ ნორმალური ტემპით მიდიოდა ზრდა და დატვირთულობამ 42% შეადგინა. ეს ძირითადად იყო კონფერენციების ხარჯზე. მესტიაში ,,გისტოლა“ ერთადერთი სასტუმროა, რომელსაც აქვს საკონფერენციო დარბაზი, შესაბამისად, იყო მოთხოვნაც, თუმცა როგორც კი დამძიმდა ეპიდ სიტუაცია, ეს სეგმენტიც ჩამოგვეხსნა. ამას მოჰყვა ისრაელის მხრიდან ტურისტული ნაკადის შეზღუდვა და შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფური ტურები მთლიანად გაუქმდა.

ბოლო ტენდენცია ასეთია, ჯავშნიან ნომრებს, მაგრამ ან იმავე, ან მეორე დღეს უქმდება. ეს არის ძალიან ხშირი და შესამჩნევი. ახლა რა ტენდენციაცაა, აგვისტოს თვეში დატვირთულობა მაქსიმუმ 15 იქნება, ისიც ადგილობრივი ტურიზმის ხარჯზე და იშვიათად, უცხოეთიდან ინდივიდუალური სტუმრების. ის მცირე ჯავშნები ამ ეტაპზე ჩეხეთიდან და პოლონეთიდანაა. ასევე რეკავენ ადგილობრივები, ჩვენი მარკეტინგული აქტივობების შემდეგ. საბოლოო ჯამში, პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრების საკმაოდ დაბალ ფასში გაყიდვა გვიწევს, რადგან სხვა გზა არ არის.

სექტემბერზე და ოქტომბერზე საერთოდ არანაირი ჯავშანი არ არის. ამ პერიოდში, 60-75% შევსებული გვქონდა ხოლმე გუდაურის სასტუმროებში ზამთრის ტურებზე, ახლა კი არცერთი ჯავშანი არ გვაქვს. ზაფხულშიც, გუდაურში ძალიან მძიმე სიტუაციაა. დატვირთულობამ ივლისში 12%-ს ძლივს მიაღწია“- აცხადებს მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

შეგახსენებთ, საქართველო ე.წ წითელ ზონად ბოლოს დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა. გადაწყვეტილება ძალაში 8 აგვისტოს შევა.

თამარ მუკბანიანი