Levi Strauss სპორტული სამოსის სეგმენტშიც შედის

ჯინსების მსოფლიო ბრენდი Levi Strauss სპორტული ელასტიური ტანსაცმლის ბრენდ Beyond Yoga-ს ყიდულობს. კომპანიის განცხადებას Reuters ავრცელებს. თუმცა კომპანია შესასყიდ თანხას არ ასაჯაროვებს.

განცხადებაში წერია, რომ Levi Strauss გეგმავს, „კოვიდპანდემიის დროს აღორძინებულ სპორტული ტანსაცმლის მომგებიან სეგმენტში თავისი წარმომადგენლობა გაზარდოს“.

„ტანსაცმლის საცალო მოვაჭრეები, მათ შორის American Eagle Outfitters და Abercrombie & Fitch, სულ უფრო ხშირად იყენებენ ტანსაცმელს, რომლის ტარებაც საშინაო პირობებშიც შეიძლება, მაგალითად, შორტებსა და მაისურებს, რაზეც მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. ასეთი ტანსაცმლის მოხმარება იზოლაციის დროს საკმაოდ გახშირდა,“ - წერს Reuters.

Levi Strauss-ში აცხადებენ, რომ Beyond Yoga ცალკე განყოფილების სახით იმუშავებს და პოტენციურად 2022 ფინანსურ წელს კომპანიას 100 მლნ დოლარის სუფთა შემოსავალს მოუტანს.

გასულ თვეს Levi's-ის აქციები მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ დიდი წლიური მოგება ივარაუდა, რადგან მის ჯინსის შარვლებზე, ტოპებზე და ქურთუკებზე გაყიდვებმა მოლოდინს გადააჭარბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ