საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 32%-ით გაიზარდა, მოიმატა მოხმარებამაც

საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება იზრდება. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 1323.094 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 32%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან ივნისში საქართველოში მთლიანად 999.366 მლნ კვტ-სთ დენის გამომუშავება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ გენერაციის ზრდის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის რეაბილიტირებული ენგურჰესის მიერ გაზრდილი გამომუშავება. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ივნისში ენგურჰესმა 653.683 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყნის მთავარი ჰესის მიერ გენერირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 373.528 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ზრდა 75%-ია.

მთლიანად კი, 2021 წლის ივნისში ჰესებმა სულ 1313.575 მლნ კვტ-სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 1.858 მლნ კვტ-სთ, ქართლის ქარის სადგურმა - 7.9661 მლნ კვტ-სთ.

ამასთან, „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ივნისში 32,6%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება და ჯამში 1321.123 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის ივნისში - 995.956 მლნ კვტ-სთ). ამავე სტატისტიკით, ივნისში მომხმარებლებზე მიწოდებამ შეადგინა - 1090.463 მლნ კვტ-სთ, აქედან სადისტრიბუციო კომპანიებს მიეწოდათ 799.901 მლნ კვტ-სთ, პირდაპირ მომხმარებლებს კი - 288.932 მლნ კვტ-სთ.