ივნისის გაყიდვებით Xiaomi-მ კონკურენტ Samsung-სა და Apple-ს აჯობა

სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ივნისში კონკურენტ Samsung-ზე და Apple-ზე მეტი მობილური ტელეფონი გაყიდა. მონაცემებს კვლევითი კომპანია Counterpoint ავრცელებს. Xiaomi-ის ივნისის გაყიდვები, წინა თვესთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა, რაც ივნისში მსოფლიოში გაყიდული სმარტფონების 17,1 %-იან წილს შეადგენს. ამავე მონაცემით, ანუ მსოფლიოში გაყიდული სმარტფონებიდან Samsung-ის წილი 15,7%, Apple-ის კი - 14,3%-ია.

ივნისში დასრულებულ მეორე კვარტალში Xiaomi მიწოდების მოცულობით, Samsung-ის შემდეგ, მეორე კომპანია იყო. Counterpoint-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ტენდენცია შესაძლოა, დროებითი იყოს, რადგან ვიეტნამში დელტა ვარიანტის ახალმა აფეთქებამ Samsung-ის წარმოება შეაფერხა. ამის შესახებ თავად კომპანიამაც განაცხადა მოგება-წაგების კვარტალურ ანგარიშში, სადაც უახლოეს მომავალში წარმოების ნორმალურ დონეზე დაბრუნებასაც პროგნოზირებს.

„მას შემდეგ, რაც Huawei-ის დაცემა დაიწყო, Xiaomi ძალისხმევას არ იშურებს, რომ თავისუფალი სივრცე დაიკავოს. Xiaomi-ი Huawei-ის ძველ ბაზარზე ფართოვდება, როგორიცაა ჩინეთი, ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა,“ - აცხადებს Counterpoint-ის დირექტორი ტარუნ პატაკი.

Strategy Analytics-ის მიმდინარე თვის კვლევებმა აჩვენა, რომ აპრილი-ივნისის სამთვიან პერიოდში Xiaomi ევროპაში სმარტფონების წამყვანი ბრენდი იყო, რომელსაც ბაზრის 25% ეჭირა. კომპანია წამყვან მოთამაშედ ინდოეთშიც რჩება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სმარტფონების ბაზარია.

მართალია, Xiaomi-ის ტელეფონების უმრავლესობა კვლავ მასიური ბაზრებისთვის არის გათვლილი, თუმცა სმარტფონების ჩინური მწარმოებელი high-end, ანუ მაღალი დონის სეგმენტშიც ცდილობს დაწინაურებას, რომელშიც Samsung-ისა და Apple-ის პრემიუმ-მოწყობილობები დომინირებენ. წელს Xiaomi-მ გამოუშვა სმარტფონი Mi 11 Ultra სასტარტო ფასით - 5,999 იუანად (928 დოლარად), ასევე, პირველი დასაკეცი ტელეფონი - 9,999 იუანად.

მოელიან, რომ მომავალ კვირას, Galaxy Unpacked-ის ივენთზე Samsung ახალ სმარტფონებს წარმოადგენს. iPhone-ის ახალ მოდელს სექტემბრისთვის კომპანია Apple-იც აანონსებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ