ივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 223 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოვლენილი ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 223 ფაქტიდან, 17 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 89 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა. იმერეთში დაფიქსირდა 36 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 22, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 16, აჭარაში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 4, გურიაში კი, 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 500 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 47 ფაქტი; ასევე, ამოღებულია 5 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.