ფრანგული ღვინის წარმოება წელს ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება

წელს ფრანგული ღვინის წარმოება 24-30%-ით შემცირდება და ისტორიულ მინიმუმამდე დაიწევს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამ განცხადებას Le Figaro ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ უამინდობა, კერძოდ, გაზაფხულის ყინვები და დაავადებები ფრანგულ მეღვინეობაზე უარყოფითად აისახა. წლევანდელ სეზონზე წარმოების დონე 32,6 მილიონიდან 35,6 მილიონ ჰექტროლიტრაზე მეტი არ იქნება.

აპრილის გაზაფხულის ყინვები, თითქმის, ყველა მეღვინეობის უბანს დაატყდა თავს და ისინი სხვადასხვა ხარისხით აზარალა. ბურგუნდია, რონის ველი და ცენტრი ყველაზე მეტად დაზარალდნენ. უნი ბლანის მსგავსი გვიანდელი ჯიშებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით დაზარლადა ყურძნის ძველი ჯიშები, როგორიცაა შარდონე.

წარმოების ვარდნაზე, ასევე, ივლისის ნოტიო და გრილი ამინდი იმოქმედებს. ცენტრში, სამხრეთ-დასავლეთით, პროვანსესა და რონის ველზე ვენახს აყვავება ნოტიო ან ცივ კლიმატში მოუწია, რაც ყვავილებისა და ახლადმოსხმული ყურძნის მარცვლის ჩამოცვენას იწვევდა.

ნოტიო ამინდმა სარეველას ძლიერ ზრდასთან ერთად, ხელი შეუწყო ისეთი დაავადებების გაჩენას, როგორიცაა ყურძნის ჭორფლი და ჭრაქი. პირველი ერთ-ერთი მთავარი დაავადებაა, რომელიც მტევნების დეფორმაციას ან ფოთლების ნაადრევ ცვენას იწვევს. ამ დაავადებებით, განსაკუთრებით, შამპანის, ელზას, ბოჟოლეს, ლუარის ველის, შარანტეს და სამხრეთ-დასავლეთის ვენახები დაზიანდნენ.

გარდა ამისა, ხმელთაშუა ზღვის მეღვინეობის რეგიონებში კვლავ ძლიერი გვალვაა და თუ ასე გაგრძელდა, ღვინის წარმოება კიდევ უფრო შემცირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ