სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება გადავადდა

სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება დახლზე მოვაჭრეებისთვის 2016 წლის 1 იანვრამდე გადავადდა.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თეა ბეგიაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონს უკავშირდება. ”ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ 2015 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული და პარლამენტის მიერ უკვე მიღებული საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ზემოაღნიშნული კატეგორიის პირები სალარო-აპარატის გამოყენებისაგან გათავისუფლდებიან 2016 წლის 1 იანვრამდე”- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის გადამხდელების სალარო აპარატის გამოყენებისაგან დროებით გათავისუფლებას აწესებს და ამ პირების გადასახადებისაგან გათავისუფლებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ეს ცვლილება ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას არ გამოიწვევს.