ქართული ნუშის წარმოება 2027 წლისთვის 16-ჯერ გაიზრდება - როგორია პოტენციური საექსპორტო ბაზრები

ნუში დღეს ქართული სამზარეულოს მთავარი ინგრედიენტი არ არის და ქვეყანაში არც ნუშის ნედლეულის აქტიური გამოყენების საწარმოო ობიექტები არსებობს. თუმცა მიუხედავად ამისა, კეთდება პროგნოზი, რომ საქართველოში მომდევნო 7 წლის განმავლობაში ნუშის წარმოება, მინიმუმ, 16-ჯერ გაიზრდება. საქართველოს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის (AWPA) ამ მონაცემებს EastFruit ავრცელებს.

AWPA-ს პროგნოზით, 2027 წლისთვის მოქმედი ბაღებიდან 14 ათასი ტონა ქერქიანი ნუშის მოსავალია მოსალოდნელი. პორტალის შეფასებით, ეს მნიშვნელოვანი ზრდა იქნება, რადგან 2019-2020 წლებში ნუშის მხოლოდ 0,9 ათას ტონა მოსავალი დაფიქსირდა.

„ბოლო 20 წლის განმავლობაში ბაზარზე ნუშის გულის მოცულობა, წარმოება-იმპორტის (მინუს ექსპორტი) ხარჯზე, ნელი ტემპით, წელიწადში, დაახლოებით, 9 ტონით იზრდებოდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში გამოკვეთილი აღმავალი ტენდენცია არ შეინიშნება. თუმცა მოსალოდნელია, რომ ასეთი ტენდენცია ძალიან სწრაფად შეიცვლება,“ - წერს EastFruit.

AWPA საქართველოში ნუშის წარმოების ზრდას პროგნოზირებს. 2020 წლიდან 2027 წლამდე ქვეყანაში ნუშის წარმოება, საშუალოდ, 48%-ით გაიზრდება, რაშიც 2020 წლის შემდეგ გაშენებული ახალი ბაღების მოსავალი არ იგულისხმება. 2027 წლისთვის მთლიანი მოსავალი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწევს და დღევანდელთან შედარებით, სულ მცირე, 14-ჯერ, ხოლო 2001-2019 წლების საშუალო მაჩვენებელზე, მინიმუმ, 17-ჯერ მეტი იქნება.

„საქართველოს ნუშის სექტორს ბევრი სამუშაო მოუწევს, რათა როგორც ექსპორტზე, ისე ადგილობრივი ბაზრის მომარაგებაში წარმატებას მიაღწიოს. მომარაგების ჯაჭვში ძირითადი მოთამაშეები, პრაქტიკულად არ არსებობენ, ხოლო ნუშის ადგილობრივი მოხმარება იმდენად დაბალია, რომ დაგეგმილ დიდ მოსავალს ვერ აითვისებს. თუ 2027 წლისთვის ნუშის რეკორდული მოსავლის ექსპორტი არ მოხდება და ის ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება, ერთ სულ მოსახლეზე ნუშის მოხმარების მხრივ საქართველო სამეულში შევა. ამ მომენტისთვის ეს წარმოუდგენლად გამოიყურება, რადგან მოსახლეობის შემოსავალთან ერთად, ნუშის მოხმარების ადგილობრივი კულტურაც დაბალია,“ - წერს EastFruit.

პორტალის შეფასებით, 2016–2020 წლებში ერთი სული მოსახლე წლის განმავლობაში, ჩვეულებრივ, 0,08–0,11 კგ ნუშის გულს მოიხმარდა. თხილისა და ხილის ჩირის საერთაშორისო საბჭოს (INC) მონაცემებით, ყველაზე მაღალი მოხმარების 16 ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე, საშუალოდ, 7-8-ჯერ მეტ ნუშს მოიხმარენ, სადაც მშპ-ს საშუალო მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 35,000 აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ეს მაჩვენებელი, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 4,400 აშშ დოლარია.

„ამრიგად, ქვეყნის საერთო ეკონომიკური ზრდა ნუშის ადგილობრივი მოხმარების ზრდისთვის გადამწყვეტია. თუ ადგილობრივი მოხმარების ამჟამინდელი სტრუქტურა არ შეიცვლება, საქართველოს 2021 წელს,დაახლოებით, 300 ტონა, 2027 წელს კი 5000 ტონაზე მეტი ნუშის გულის ექსპორტი მოუწევს,“ - წერს EastFruit.

როგორც წესი, მსოფლიო ბაზარზე ნუშის გულის სავაჭრო ღირებულება ქერქიანი ნუშის ფასს, დაახლოებით, 4-ჯერ აღემატება. ბაზრის ლიდერია აშშ, საიდანაც 2020 წელს 629 ათასი ტონა ნუშის გული გაიტანეს, რაც მსოფლიო ექსპორტის 70%-ია. შემდეგ მოდის ესპანეთი (ექსპორტირებული 94 ათასი ტონით) და ავსტრალია (56 ათასი ტონით). ეს ქვეყნები დიდ რაოდენობასთან ერთად, მაღალი ხარისხის დამუშავებული ნუშის გულით გამოირჩევიან. გასულ წელს სწორედ აშშ-ს ჭარბმა წარმოებამ გამოიწვია მკვეთრი ვარდნა როგორც ქერქიან, ისე ნუშის გულის მსოფლიო ფასებზე.

რაც შეეხება იმპორტიორებს, TradeMap-ის მონაცემებით, გასულ წელს ქერქიანი ნუშის იმპორტით პირველ ადგილზე ინდოეთი იყო, სადაც ორჯერ მეტი ნუში შეიტანეს, ვიდრე დანარჩენ 9 უმსხვილესი იმპორტიორ ქვეყანაში ერთად. ნუშის გულის იმპორტიორი ქვეყნების სიას გერმანია 106 მლნ კგ-ით ხსნის, შემდეგ მოდის ესპანეთი 99 მლნ კგ-ით და იტალია 58 მლნ კგ-ით, ხოლო ათეულის ბოლო ადგილზე, 28 მლნ კგ-ით თურქეთია.

Top-10 ქვეყანა, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით ნუშს მოიხმარენ:

  • გერმანია - 106 მლნ კილოგრამი
  • ესპანეთი - 99 მლნ კილოგრამი
  • იტალია - 58 მლნ კილოგრამი
  • საფრანგეთი - 42 მლნ კილოგრამი
  • იაპონია - 39 მლნ კილოგრამი
  • ნიდერლანდები - 39 მლნ კილოგრამი
  • ემირატები - 35 მლნ კილოგრამი
  • ჩინეთი - 33 მლნ კილოგრამი
  • კანადა - 29 მლნ კილოგრამი
  • თურქეთი - 28 მლნ კილოგრამი

ზოგადად, ევროპა მაღალი ფასებისა და დიდი მოცულობის საიმპორტო ბაზრად ითვლება. ევროკავშირში, სადაც ნუშის გულის ნახევარზე მეტს დასაყოლებელ საკვებად მოიხმარენ, თხილის ხარისხის მაღალი სტანდარტებია დაწესებული და მასში პესტიციდების ნარჩენები და აფლატოქსინის დონე მკაცრად კონტროლდება.

რაც შეეხება ჩინეთს, რომელიც, EastFruit-ის შეფასებით, ქართული ნუშის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციური მიმართულებაა, იქ ნუშის გულის იმპორტი გასულ წელს, 2013-2015 წლებთან შედარებით, 650%-ზე მეტად გაიზარდა. მისი საშუალო ფასი ახლოსაა ევროპულ ფასთან, რაც ტონაზე 512 დოლარს შეადგენს. 2020 წელს ჩინეთში 16 მლნ კგ-ზე მეტი ნუშის გული შეიტანეს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ