ვერტიკალური ფერმები - მომავლის ტექნოლოგია, რომელიც დედამიწას შიმშილისგან იხსნის

ამ დროისათვის პლანეტის მოსახლეობა 7.8 მილიარდ შეადგენს. გერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით 2050 წლისთვის დედამიწაზე ადამიანების რიცხვი 10 მილიარდამდე გაიზრდება. ამასთან, კლიმატის ცვლილების შედეგად პლანეტაზე იმატებს წყლის დონე, იზრდება გაუდაბნოებული და სტიქიური უბედურებების შედეგად განადგურებული მიწების მოცულობაც.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ უახლოეს ათწლეულებში ადამიანების გამოკვება და შიმშილობის დამარცხება სახელმწიფოების ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი მეცნიერი მუშაობს. მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებმა სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანის ტრადიციული მეთოდებიდან ვერტიკალურ ფერმებზე უნდა გადავიდნენ, რასაც ძალიან ბევრი უპირატესობა აქვს და მომავალში შიმშილობის დამარცხებაში უდიდეს როლს შეასრულებს.

მათი თქმით, ვერტიკალურ ფერმებში პროდუქტის მოყვანას ნიადაგი და მზის სხივი არ სჭირდება. ამასთან, ბევრად უფრო პროდუქტიულია.

ერთ-ერთი ასეთი სტარტაპია Nordic Harvest, რომელიც დანიაში კოპენჰაგენთან ახლოს მდებარეობს. იდეის ავტორებს ბოსტნეული რამდენიმე დონეზე განთავსებულ სივრცეებში მოჰყავთ, რომლებიც ლედ-ნათურებით ნათდება.

შენობაში მკაცრად კონტროლდება ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ნახშირორჟანგის პროცენტული წილი და მცენარეებისთვის საჭირო განათება.

Euronews-ის ინფორმაციით, შენობაში იმაზე 250-ჯერ მეტი პროდუქტის მოყვანაა შესაძლებელი, ვიდრე ამავე ფართობის მიწაზე მოვიდოდა. მათი საქმიანობა წელიწადის დროებზე დამოკიდებული არ არის და წელიწადში მოსავალს 15-ჯერ იღებენ.

ამასთან, Nordic Harvest გარემოს არანაირ ზიანს არ აყენებს. მცენარეების განათებისთვის საჭირო ელექტროენერგიას ისინი ქარის გენერატორების მეშვეობით იღებენ.

იდეის ავტორების თქმით, ვერტიკალური ფერმები კაცობრიობის მომავალია, რადგან დროთა განმავლობაში პროდუქტების მოყვანა ჩვეულ გარემოში კიდევ უფრო გართულდება. მათ კი შესაძლებლობა აქვთ ჯანსაღი პროდუქტები უფრო სწრაფად, მეტი რაოდენობით და ნაკლები დანახარჯით მიიღონ.

ბექა ბერიაშვილი