ხელფასები შესაძლოა, 6-24 თვეში ერთხელ გაიზარდოს - რა წინადადებას განიხილავს პარლამენტი

ხელფასები შესაძლოა, პროფესიული ზრდის მიხედვით, 6-24 თვეში ერთხელ გაიზარდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოქალაქის მაკა მინდაშვილის საკანონმდებლო წინადადებაშია საუბარი, რომლითაც მან პარლამენტს მიმართა.

როგორც საკანონმდებლო წინადადებაშია აღნიშნული, საჭიროა შრომის კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.

საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, ანაზღაურების ზრდა პროფესიული ზრდის მიხედვით უნდა მოხდეს.

„ყოველი 6 თვიდან 24 თვემდე პერიოდში უნდა მოხდეს დასაქმებულის პროფესიული ზრდა (დაწინაურება) მისი უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე. ამასთან, თუ საჭირო გახდა მისი კვალიფიკაციის ამაღლებაც დამსაქმებლის დაფინანსებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი,“-აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.

თაია არდოტელი