ახალი ქართველი მილიარდერის ქონება კიდევ გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი მოხვდა. საუბარია, ყაზახური ფინტექპლატფორმის “კასპის“ დამფუძნებელზე მიხეილ ლომთაძეზე. იმ პერიოდში ლომთაძე რეიტინგში 804-ეპოზიციაზე იყო და მისი ქონება 3,8 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

დღეის მდგომარეობით კი, მიხეილ ლომთაძე „ფორბსის“ მილიარდერების რეიტინგში 592-ეადგილზეა და მისი ქონება 5,1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

ცნობისთვის, „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში კიდევ ერთი ქართველი ბიძინა ივანიშვილი გვხვდება, რომლის ქონებაც ამ დროისთვის, 4,8 მლრდ დოლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება მიხეილ ლომთაძეს, მისი კომპანია, “კასპი“ ყაზახეთის უდიდესი საგადახდო და ფინტეკური(ფინანსური ტექნოლოგიების) კომპანიაა. მას ყოველთვიურად 7 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

მიხეილ ლომთაძე საქართველოში, ბათუმში 1975 წლის 17 ოქტომბერს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი თბილისში, საქართველოს მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების ჰარვარდის ბიზნესსკოლაში განაგრძო, რომელიც 2002 წელს მაგისტრის MBA ხარისხით დაასრულა. ლომთაძე ყაზახეთში სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებში აქტიურად არის ჩართული, ასევე ბევრ სოციალურ აქტივობებს ახორციელებს.

თაია არდოტელი