Snickers ჰომოფობიურ რეკლამაში დაადანაშაულეს

კომპანია Snickers-მა ესპანეთში სარეკლამო ვიდეორგოლი ჩაუშვა, რომელიც ჰომოფობიური კონტენტის შემცველად შეაფასეს. BBC-ის ცნობით, სკანდალურ 20-წამიან ვიდეოში ცნობილი ესპანელი influencer-ი, ალეს გიბაია მეგობართან ერთად პლაჟის ბარშია, სადაც ოფიციანტს „სექსუალურ ფორთოხლის წვენს A, B და C ვიტამინებთან ერთად“ ანუ Snickers-ის ნაყინით უკვეთავს, ხოლო Snickers-ის გემრიელად დაგემოვნების შემდეგ, ის კუნთმაგარ მამაკაცად გადაიქცევა. „უკეთესია?!“ - ეკითხება ალეს გიბაიას მეგობარი. „უკეთესია!“ - პასუხობს წვერიანი მამაკაცი ბოხი ხმით, რის შემდეგაც ჩნდება სლოგანი - „როცა გშია, შენ შენ არ ხარ!“

ამ კვირაში ვიდერგოლი დავირუსდა, ასევე, გაჩნდა მოწოდებები Snickers-ის ბოიკოტირების შესახებ. სოციალურ ქსელებში გაჩნდა ბრალდებები, რომ კომპანია გეი მამაკაცებს შეურაცხყოფს. კრიტიკას ქვეყნის თანასწორობის მინისტრი, ირენე მონტეროც შეუერთდა.

„საინტერესოა, ვის მოეჩვენება კარგ იდეად ბიზნეს-სტრატეგიისთვის ჰომოფობიის გამოყენება,“ - წერს მინისტრი Twitter-ის გვერდზე.

კომპანია Snickers-მა უკვე მოიბოდიშა იმის გამო, რომ ზოგიერთ ადამიანში „ფილმმა გაუგებრობა გამოიწვია“ და სარეკლამო რგოლი გააუქმა.

„ამ კონკრეტული კამპანიის მიზანი იყო, მეგობრული, უბრალო ფორმით გვეჩვენებინა, რომ შიმშილს თქვენი ხასიათის შეცვლა შეუძლია. რომელიმე პირის ან ჯგუფის შეურაცხყოფა ჩვენი მიზანია არანაირად არ ყოფილა,“ - ნათქვამია ინტერნეტით გავრცელებულ კომპანიის განცხადებაში.

Snickers-ის მშობელ კომპანია Mars Wrigley-ში სარეკლამო რგოლით ნებისმიერი სახის ზიანის მიყენების გამო ბოდიშს იხდიან და აღიარებენ, რომ „შეცდომა დაუშვეს.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ