რა ქონებას ფლობს და როგორია საქართველოში ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი მოხელის ფინანსური მდგომარეობა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მიმდინარე წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო კომპანიების 5 ყველაზე მაღალანაზღაურებად დირექტორს შორის ერთ-ერთი სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილია. ის აღნიშნულ პოსტს 2019 წლის მაისიდან იკავებს.

მიმდინარე წლის 31 ივლისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის ხელფასის გრაფაში უჩანეიშვილს არ აქვს მითითებული თუ რამდენი იყო მისი შემოსავალი 2020 წელს, მაგრამ როგორც დეკლარაციის სხვა გრაფაშია აღნიშნული, სახელმწიფო ელექტროსისტემის საქმიანობის შედეგად მისი შემოსავალი იყო - 182 240 ლარი; იქვე შენიშვნის სახით მითითებულია, რომ 2020 წელს უჩანეიშვილი კომპანიის მმართველთა საბჭოს თავჯდომარე/რეაბილიტაციის მმართველი იყო.

დეკლარაციის თანახმად ირკვევა, რომ უჩა უჩანეიშვილის დედის საკუთრებაშია თბილისში მდებარე ბინა. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს ეკუთვნის აბაშაში მდებარე მიწის ნაკვეთი.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 80 133 ლარი; 48 787 დოლარი და 6 161 ევრო, ნაღდი ფულადი თანხის სახით კი, 12 ათასი დოლარი ჰქონდა.