რა შემოსავალი ჰქონდა პანდემიურ წელს თემურ ჭყონიას „კოკა-კოლას“  საქართველოში

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ 2020 წელი ზარალით დაასრულა. აღნიშნული კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა. კერძოდ, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წლის ზარალი 9,691 მლნ ლარი იყო.

ამასთან, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან მიღებული ამონაგები - 196,029 მლნ ლარი; რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 145,286 მლნ ლარი; მთლიანი მოგება კი შეაბამისად, 50,743 მლნ ლარი იყო. სულ, კომპანიის წლის სრულმა შემოსავალმა 30,785 მლნ ლარი შეადგინა.

ამასთან, როგორც ინდივიდუალური ანგარიშგებიდან ირკვევა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანიის საკუთრებაში 316,009 მლნ ლარის აქტივები იყო.

ცნობისთვის, 1996 წლის 23 აპრილს კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის (შპს) კომპანიად დარეგისტრირდა. 2016 წლის 2 დეკემბერს კი განხორციელდა მისი რესტრუქტურიზაცია და სააქციო საზოგადოებად (სს) გარდაქმნა. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომპანია იყო 16 ინდივიდუალური აქციონერის საკუთრება. ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი თემურ ჭყონიაა.

რაც შეეხება ძირითად საქმიანობას, კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიბუციოდ და გასაყიდად. ის ფლობს და ამუშავებს ასევე სასტუმროს „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ საწარმო და ადმინისტრაციული ოფისი ნატახტარში გადაიტანა. ყველა საწარმო ხაზი ახალ ქარხანაში ოპერირებდა 2020 წლის ივლისიდან, ხოლო ადმინისტრაციული შენობა 2020 წლის სექტემბრიდან. ანგარიშგებიდან ირკვევა ისიც, რომ 2020 წელს კომპანიის წლიური ბრუნვა წინა წელთან შედარებით 15%-ით გაიზრდა. ამასთან, ანგარიშგებაში ისიც არის მითითებული, რომ 2020 წლის შედეგებით გამაგრილებელი სასმელების ბაზარზე (კარბონირებული გამაგრილებელი სასმელები, მინერალური წყალი, მინერალური გაზიანი წყალი, ცივი ჩაი, ცივი ყავა, წვენები, ენერგეტიკული სასმელები) კომპანიას ბაზრის 31% უკავია.

რაც შეეხება დასაქმებულებს, 2020 წლის განმავლობაში, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ დასაქმებული იყო 294 თანამშრომელი; შვილობილ კომპანიებთან ერთად კი თანამშრომელთა რიცხვმა 304 შეადგინა.

თაია არდოტელი