საფრანგეთში ხილ-ბოსტნეულის პლასტიკური მასალით შეფუთვა იზღუდება

2022 წლის 1-ლი იანვრიდან საფრანგეთში ხილ-ბოსტნეულის შეფუთვაში პლასტიკური მასალის გამოყენება შეიზღუდება. ინფორმაციას Freshfruitportal ავრცელებს. შეზღუდვას 2020 წლის თებერვალში, საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არეგულირებს. ე.წ. წრიულ ეკონომიკაში ნარჩენების მართვის შესახებ კანონის თანახმად, ნარჩენების შეზღუდვისა და ბუნებრივი რესურსების დაზოგვის მიზნით, საფრანგეთში წარმოებისა და მოხმარების მოდელი იცვლება.

ახალი კანონი გულისხმობს ერთჯერადი პლასტმასის აღმოფხვრას, ნარჩენების შემცირებასა და ამის შესახებ მომხმარებლებისთვის ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდებას, ასევე ნარჩენების გადამუშავების გაზრდას. ამასთან, წარმოების მეთოდები უნდა გაუმჯობესდეს, რადგან კომპანიებმა პროდუქცია დაძველების ვადით აღარ უნდა დაამზადონ.

კანონპროექტის 77-ე მუხლი ხილისა და ბოსტნეულის პლასტიკური მასალით შეფუთვას კრძალავს, თუკი შეფუთული პროდუქტის წონა 1.5 კგ-ზე ნაკლებია. გამონაკლისი დასაშვებია მხოლოდ იმ ხილისა და ბოსტნეულისთვის, რომლის პლასტიკური მასალის გარეშე შეფუთვაც შეუძლებელია. ამასთან, მე-80 მუხლი კრძალავს ხილ-ბოსტნეულზე ეტიკეტის მიკვრას, თუკი სტიკერი ბიოდეგრადირებადი მასალისგან არ არის დამზადებული.

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) შეფასებით, ხილისა და ბოსტნეულის სტიკერებით გაყიდვის აკრძალვამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს ამერიკელ ექსპორტიორებს, დაახლოებით, 20 მლნ დოლარის ტკბილი კარტოფილისა და 8 მლნ დოლარის გრეიფრუტის ფრანგულ ბაზარზე შეტანაში. შეერთებულ შტატებში ეტიკეტი მრავალი სახის ხილზე გამოიყენება, რათა პროდუქტზე ზედამხედველობა და ბრენდირება უზრუნველყოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ