Saudi Aramco-ს სუფთა მოგება II კვარტალში 25,5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

მსოფლიოში უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და სანავთობო რეზერვების მქონე კომპანია Saudi Aramco-ს 2021 წლის მეორე კვარტლის სუფთა მოგებამ 25,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მხოლოდ 6,6 მილიარდის მოგება ჰქონდა. შედეგად, მაჩვენებელი გაზრდილია 3,9-ჯერ.

კომპანიაში აღნიშნულ ზრდას მსოფლიო ეკონომიკის კონიუქტურის გაუმჯობესებას, ნავთობზე მოთხოვნისა და ფასის ზრდას უკავშირებენ. მეორე კვარტალში Saudi Aramco-ს დივიდენდები შეადგენდა 18,8 მილიარდ დოლარს.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი კომპანიამ 47,2 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება მიიღო, მაშინ როცა გასული წლის პირველ 6 თვეში 23,2 მილიარდი ჰქონდა.

კომპანიის მიერ მოპოვებული ნავთობის მოცულობამ დღე-ღამეში საშუალოდ 11,7 მლნ ბარელი შეადგინა.

კოკა კვირკველია