„საჯარო მოხელეების ხელფასები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი არ უნდა იყოს-ეს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე დაფუძნებული უნდა იყოს"

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საჯარო სექტორში ხელფასების ზრდის საჭიროებას სექტორის კონკურენტუნარიანობის დაკარგვის საშიშროებით ხსნის და აცხადებს, რომ თუ ასე მოხდება, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეფერხდება.

როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს კონკრეტულ ფორმულაზე ან ინდექსაციაზე დაფუძნებული.

„სამინისტროს 10-წლიან გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება არის ძლიერი საჯარო სექტორი, რომლის გარეშეც ვერ მიიღწევა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიზანი და რეფორმა, რომელიც უნდა გატარდეს. თუ შევხედავთ ბოლო 5-7 წელიწადს, პრაქტიკულად, ერთეული გამონაკლისების გარდა, საჯარო სექტორში ხელფასები იყო გაყინული, ხელფასების ზრდა არ განხორციელებულა. რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე, რომ დაეცემა საჯაროს სექტორის კონკურენტუნარიანობა და მნიშვნელოვნად შეფერხდება ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. საჯარო მოხელეების ხელფასები არ უნდა იყოს ყოველთვის გარკვეული სპეკულაციების საგანი და ეს უნდა იყოს ფორმულაზე, ინდექსაციაზე ან წესებზე დაფუძნებული.

ჩვენ გვქონდა ანალოგიური სურათი პენსიებთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვნად მოხსნა პრობლემა პენსიების ინფექსაციის საკითხმა, რომელიც მიბმული იყო ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე. ამიტომ წესები უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ ეს საკითხი არ გახდეს პოლიტიკური სპეკულაციის საგანი. ამ მიმართულებით ჩვენ ვხსნით დიალოგს და ვიწყებთ მუშაობას, რომ აღნიშნული საკითხი შეიძლება მოგვარდეს.

რატომ ახლა? – იმიტომ, რომ ახლა ვიწყებთ ბიუჯეტის პროექტზე მუშაობას, შესაბამისად, ყველა ის საკითხი, რომელიც საბოლოოდ შეთანხმებული და მიღებული იქნება, უნდა იყოს გამყარებული საბუჯეტო დაფინანსებით. შესაბამისად, ზუსტად ახლა არის პერიოდი, როცა ამ საკითხზე მსჯელობა უნდა იყოს. საბოლოო გადაწყვეტილება წლის ბოლომდე უნდა იყოს, რომელიც აისახება ბიუჯეტში. ეს პრობლემა შარშანაც აქტუალური იყო, მაგრამ შარშან აბსოლუტურად სხვა რეალობაში ვიყავით, როცა ქვეყანას მნიშვნელოვანი შემცირება ჰქონდა საბიუჯეტო შემოსავლების და მეორე მხრივ, საჯარო სექტორის დიდი ნაწილი ე.წ. დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა. შესაბამისად, ისე მკვეთრად არ იდგა საკითხი, როგორც ეს იქნება მომავალ წლებში. ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ერთჯერად, არამედ, გრძელვადიან გადაწყვეტილებაზე, რომელიც იქნება განმსაზღვრელი არა 1 ან 2 წლის მომავლის, არამედ გრძელვადიანი პერიოდისთვის“, - განაცხადა ხუციშვილმა.