ნათია თურნავა - Fitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან

Fitch-ის გაუმჯობესებული რეიტინგი ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.

„ეს არის მართლაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა ზოგადად, რადგან ასახავს უფრო გაზრდილ ნდობას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. და განსაკუთრებით ის განმარტება, რაც სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა წარმოადგინა იმის დასასაბუთებლად, რომ რეიტინგი უნდა გაგვიუმჯობესდეს - ეს არის ძალიან სწრაფი ეკონომიკური ზრდა/აღდგენა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და ზოგადად ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარე გაჯანსაღების პროცესი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილებას დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორები.

„ეს არის ძალიან კარგი საწინდარი, რომ ჩვენ წლის ბოლოს გვქონდეს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, სრულად გავანულოთ წინა წლის ზარალი, ეკონომიკის შემცირება და გადავიდეთ უფრო მაღალ დონეზე, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ლიდერის პოზიცია რეგიონში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმ დარგების ჩამონათვალს, სადაც ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია - ნათია თურნავას ინფორმაციით, ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველა დარგში, მაგრამ ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი არის გადამამუშავებელ მრეწველობაში, მშენებლობაში, ვაჭრობაში და განთავსების ინდუსტრიაში, ანუ სასტუმროებში.