ავიაკომპანია Airbus-მა გერმანიაში მცირე დეტალების საწარმოს თანამშრომლები მასშტაბური შემცირების შესახებ გააფრთხილა. Reuters-ის წყაროს ინფორმაციით, თუკი აპრილში შემუშავებული ხარჯების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, მცირე დეტალების განყოფილება კომპანიის შიგნით გააგრძელებს მუშაობას და ცალკე ბიზნესად არ გავა, 2500 სამუშაო ადგილიდან 1000 თანამშრომელი შემცირების ქვეშ მოყვება.
ოთხი თვის წინ დაწყებული რეორგანიზაციის შესაბამისად, გერმანიაში Airbus-ის განყოფილება Premium Aerotec ორად უნდა გაიყოს: ნაწილი Airbus-ის სხვა საწარმოებს შეუერთდება, მეორე ნაწილი კი მცირე დეტალების მასიური წარმოების ახალ ბიზნესად ჩამოყალიბდება, რომელიც უნდა განვითარდეს.
Premium Aerotec ბრემენთან ახლოს, ვარელსა და აუგსბურგში კომერციული და სამხედრო თვითმფრინავებისთვის კომპონენტებს აწარმოებს. თუმცა განყოფილება წლებია, რაც ავიაკომპანიისთვის წამგებიანია. Airbus-ის არგუმენტით, ახალი მფლობელით Premium Aerotec ავიაკომპანიის კონკურენტებისთვისაც შეძლებს მუშაობას ან სხვა დარგის მომხმარებლებს მიიზიდავს, რისთვისაც ახალ მეპატრონეს არსებული პერსონალი დასჭირდება.
ავიაკომპანიაში ადრე აცხადებდნენ, რომ Premium Aerotec 25-30%-ით ძვირი უჯდებათ, ვიდრე სხვა მიმწოდებლების მომსახურება. პრობლემამ პოლიტიკაშიც გადაინაცვლა და სექტემბრის ფედერალური არჩევნებისთვის სოციალ-დემოკრატების კანცლერობის კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი, ოლაფ შოლცი დღეს ვარელის Premium Aerotec-ის საწარმოს მონახულებას აპირებს.
რეორგანზაციის მიუხედავად, Airbus პირობას დებს, რომ მცირე დეტალების განყოფილების კომპანიის შემადგენლობაში მუშაობის პერსპექტივასაც შეისწავლის.
„ჩვენი ანალიზით, რომელიც ივლისის ბოლოს დასაქმებულთა წარმომადგენლებსაც გავაცანით, მცირე დეტალების შიდაწარმოება კონკურენტული ხარჯების მისაღწევად მუშახელისთვის უფრო მტკივნეული იქნებოდა, ამიტომ სჯობს უკეთესი მფლობელის მოძიება მეტი სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად. რეპოზიციისთვის შესაძლებლობების ფანჯარა არის ახლა, ვიდრე წარმოების ტემპი კრიზისამდელ დონეს დაუბრუნდება,“ - განუცხადეს Reuters-ს ავიაკომპანიაში.
შვეიცარული Montana Aerospace კომპანია Premium Aerotec-ის შესყიდვით უკვე დაინტერესდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ