Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტი საპატიმროს ამ კვირაში დატოვებს

Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი ლი უმცროსი, რომელიც თანხის მიტაცებისა და მექრთამეობის ბრალდებით საპატიმროში იმყოფება, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლდება. ამის შესახებ დღეს სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ლი საპატიმროს კვირის ბოლოსთვის დატოვებს.

Reuters-ის ცნობით, 53 წლის ჯეი ლი უმცროსი ქვეყნის ექსრეზიდენტ პარკ გინ ჰეს (2013-2017 წწ) მეგობრის მოქრთამვაში დაადანაშაულეს და 30-თვიანი ვადიდან, საპატიმროში 18 თვე გაატარა. თავდაპირველად ლიმ, 2017 წლის აგვისტოდან, ერთწლიანი პატიმრობა მოიხადა, როცა ხუთწლიანი საპატიმრო ვადა შეუჩერდა. თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება მოგვიანებით გაუქმდა და მართალია, ახალი განაჩენით საპატიმრო ვადა შეუმცირდა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში ჯეი ლი კვლავ ციხეში მოხვდა.

პირობით ვადაზე ადრე მისი გათვისუფლების მომხრეთა რაოდენობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სამხრეთ-კორეულ ტექნოლიგიურ გიგანტ კომპანიაში მთავარ გადაწყვეტილებებს ლის გარეშე ვეღარ იღებდნენ. Samsung-მა და სხვა გავლენიანმა ბიზნეს-წრეებმა მთავრობას მისი გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

თუმცა ჯეი ლის არყოფნას სმარტფონებისა და მახსოვრობის მიკროსქემათა მწარმოებელი კომპანიის ყოველდღიურ მუშაობაზე არ უმოქმედია. ჯეი ლი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ ღერძულ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მსხვილ ინვესტიციებსა და შერწყმა-შთანთქმის (M&A) ბიზნეს-გარიგებებს უკავშირდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ